ევრო 2024 | ჯგუფურ ეტაპზე დამყარებული რეკორდები
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და ჩვენც მერვედფინალის მოლოდინში ვართ. პირველად ისტორიაში, ქართველ გულშემატკივარს უცხო გუნდის ქომაგობა არ მოუწევს - პორტუგალიასთან სენსაციური გამარჯვების (2:0) შემდეგ, 30 ივნისს, ჩვენი ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს შთამბეჭდავი ასპარეზობის გარდა, ტურნირმა კიდევ არაერთი თვალსაზრისით მიიქცია ყურადღება. ამჯერად, ჯგუფურ ეტაპზე დამყარებულ რეკორდებს შემოგთავაზებთ.
ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე: ლამინ იამალი (ესპანეთი) - 16 წლის და 338 დღის
ესპანელი თინეიჯერი, ლამინ იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს: ხორვატიასთან მატჩში (3:0), ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები. აქამდე, რეკორდი პოლონელ კასპერ კოსლოვსკის (17 წლის და 246 დღის) ეკუთვნოდა, რომელმაც ევრო 2020-ზე თამაშის შემდეგ, ევროპულ ფეხბურთს საკუთარი კვალი ვერ დაამჩნია. საყოველთაო მოლოდინით, იამალის კარიერა გაცილებით უფრო ტიტულოვანი იქნება.
ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი (გერმანია) - 36 წლის და 327 დღის
იულიან ნაგელსმანისთვის, შოტლანდიასთან 5:1 დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. მისი ასაკი მართლაც შთამბეჭდავია - შედარებისთვის, 38 წლის მოდრიჩი, 39 წლის რონალდუ და 41 წლის პეპე ჯერ კიდევ ფეხბურთს თამაშობენ, თანაც - უმაღლეს დონეზე.
ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი: დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი) - 23 წლის და 243 დღის
ასაკი მართლაც მხოლოდ ციფრებია მაშინ, როდესაც კარგ ლიდერზე ვსაუბრობთ - ნაგელსმანთან ერთად, ამისი მაგალითი დომინიკ სობოსლაიც გახლავთ, რომელიც უნგრეთის ნაკრებს, შვეიცარიის წინააღმდეგ, 23 წლის ასაკში გაუძღვა. მანამდე, რეკორდი ლეგენდარულ ჯუზეპე ბერგომის ეკუთვნოდა (24 წლის და 171 დღის), რომელმაც გუნდს 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნა.
ყველაზე ასაკოვანი, რომელსაც გოლი აქვს გატანილი: ლუკა მოდრიჩი (ხორვატია) - 38 წლის და 289 დღის
ლუკა მოდრიჩი ის ფეხბურთელია, რომლის სიდიადესაც რეკორდების სიმრავლე არც არაფერს სძენს და არც არაფერს აკლებს. მისი რეკორდის მოხსნას, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, კრიშტიანუ რონალდუ შეეცადა, თუმცა ამაოდ. ამ ეტაპზე, ლუკა რჩება ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელად, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი აქვს გატანილი და ეს მან იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ფრედ დასრულებულ მატჩში მოახერხა.
ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი: პეპე (პორტუგალია) - 41 წლის და 117 დღის
როგორი სათქმელია: ლამინ იამალზე 25 წლით უფროსი პეპე ფეხბურთს კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს. სავარაუდოდ, ამ რეკორდს უბერებელი პეპე კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს. ისიც აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პეპე ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც გოლი აქვს გატანილი.
ყველაზე სწრაფი გოლი ევროპის ჩემპიონატზე: ნედიმ ბაირამი (ალბანეთი) - 23 წამი
ფეხბურთში, სწრაფი გოლის ხილვა ყველას უყვარს, თუმცა ალბანეთი Vs. იტალიის მატჩის დროს, გულშემატკივარის ნაწილს ჯერ საკუთარი სკამიც არ ჰქონდა მოძებნილი, როდესაც ნედიმ ბაირამიმ ანგარიშის გახსნა მოახერხა.
სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები
საქართველოსთან გატანილი გოლით, არდა გიულერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა (19 წლის და 114 დღის);
ფრანსისკო კონსეისაოს მიერ გატანილი გოლი ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ სიმბოლური გამოდგა: იგი იმ მამებისა და შვილების კლუბს შეუერთდა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე თავი აქვთ გამოჩენილი. სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება სერჟიო კონსეისაო, რომელმაც ევრო 2000-ზე მოახერხა გოლის გატანა. მამებისა და შვილების კლუბში კი აქამდე მხოლოდ ენრიკო (1996) და ფედერიკო (2020) კიეზები იყვნენ წარმოდგენილები.