Belive

ევერ ბანეგამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

38 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა - ევერ ბანეგამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ხუთშაბათს, 'ESPN'-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან საკუთარი გადაწყვეტილება საბოლოოდ დაადასტურა. ბანეგამ ეს განცხადება ბუენოს-აირესში, სერხიო „კუნ“ აგუეროს მიერ ორგანიზებული 7x7-ზე ფეხბურთის ტურნირის - 'Copa Potrero'-ს მიმდინარეობისას გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ფეხბურთელი კარიერის დასრულების 80%-იან ალბათობაზე საუბრობდა, ამჯერად მისი პოზიცია სრულიად კატეგორიული იყო.

„ვჩერდები და ეს 100%-ით გადაწყვეტილია! პროფესიონალური ფეხბურთი ჩემთვის აღარ არის. დროა, სხვა საქმეებზე გადავერთო. მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის."

- ევერ ბანეგა

არგენტინულ მედიაში გავრცელებული ხმების ფონზე, ჟურნალისტებმა ბანეგას ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ლიონელ მესის სატელეფონო ზარი მის გადარწმუნებას და ინტერ მაიამიში მიწვევას. გამოცდილმა ნახევარმცველმა ეს ვარიანტიც კატეგორიულად გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ ევერ ბანეგა გასული ზაფხულიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც არგენტინული კლუბი დეფენსა ი ხუსტისია დატოვა, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

„არა! თუ დამირეკავს, ვეტყვი, რომ ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა“ - ევერ ბანეგა

ამ გადაწყვეტილებით ბანეგამ 20-წლიან წარმატებულ პროფესიონალურ კარიერას დაუსვა წერტილი. უნივერსალურმა ნახევარმცველმა, რომელიც მოედნის ბრწყინვალე ხედვითა და საჯარიმო დარტყმების შესრულების განსაკუთრებული ოსტატობით გამოირჩეოდა, ყველაზე დიდი კვალი ესპანურ სევილიაში დატოვა. ანდალუსიურ კლუბში გატარებული ორი პერიოდის განმავლობაში (2014–2016 და 2017–2020 წლებში) მან 238 მატჩში 28 გოლი გაიტანა, 37 საგოლე გადაცემა მიითვალა და სამჯერ მოიგო ევროპა ლიგა (2015, 2016 და 2020 წლებში).

საკლუბო მიღწევების პარალელურად, ევერ ბანეგა წლების განმავლობაში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავდა, რომლის მაისურითაც 65 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები