EUROSPORT - ვინ არის ხვიჩა "კვარადონა" კვარაცხელია?
"ვინ არის ხვიჩა "კვარადონა" კვარაცხელია? "ნაპოლისა" და საქართველოს სუპერვარსკვლავი, რომელსაც დიეგო მარადონას ადარებენ" - გავლენიანი ევროპული მედია საშუალება EUROSPORT-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას, სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს.
EUROSPORT-ზე განთავსებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" აღმოჩენად მოგვევლინა. ქართველი ვარსკვლავი "დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე" ამ ზაფხულს გადაბარგდა და გაიბრწყინა, როგორც სერია A-ს ეგიდით გამართულ მატჩებში - ასევე UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე. ის იმდენად კარგია, რომ უმოკლედ დროში, ლეგენდარულ მარადონას შეადარეს და მის საპატივსაცემოდ "კვარადონა" შეარქვეს. 14 სექტემბერს, კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსს" დაუპირისპირდა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
- ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი დრიბლინგი რეინჯერსთან | VIDEO
- “ფეთქებადი, ფენომენალური” – იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშზე
- Kvara on fire – ნაპოლის გულშემატკივრები კვარაცხელიას უმღერიან | VIDEO
- “ის კვარადონაა…” – ანრი და დემპსი ხვიჩა კვარაცხელიაზე | VIDEO
ქართველმა სუპერვარსკვლავმა სერია A-ს 2022/23 წლების სეზონში გაიბრწყინა, რის შედეგადაც დიეგო მარადონას შეადარეს. საქართველოს ნაკრების რიგებში მოპოვებული 17 კეპის მქონე კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისმა ზაფხულში მხოლოდ და მხოლოდ €12 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. მას შემდეგ კვარაცხელიამ "პარტენოპეის" რიგებში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ლუჩანო სპალეტის 4-3-3 და 4-2-3-1 ფორმაციებს კვარაცხელია იდეალურად მოერგო და მარცხენა ფლანგზე დომინანტ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
ბრწყინვალე სტარტის შედეგად, კვარაცხელიას "კვარადონა" და "კვარაჯო" შეარქვეს. EUROSPORT-ის იტალიელი კორესპონდენტი ლუკა მონტანარი აღნიშნავს, რომ ქართველ ვარსკვლავს თითოეულ მატჩზე უდიდესი გავლენის მოხდენა ძალუძს.
"უპრეცედენტო მოვლენა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში"
"კვარადონა" და "კვარავაჯო" - რენესანსის ეპოქის საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მხატვრისა და საფეხბურთო ღმერთის მეტსახელები, კვარაცხელიას უსწრაფესად შეარქვეს.
ეს საკმაოდ სოლიდური შედარებებია - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. ეს ყველაფერი ნეაპოლიტანური კლუბის რიგებში გატარებული პირველივე კვირის შემდეგ... კვარაცხელიამ შეძლო და საწყის ტურებში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
მოედანზე ის გამაოგნებელია. გოლის ბრწყინვალე ალღო გააჩნია და როდესაც ბურთი ფეხში აქვს შეუჩერებელია. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მასში სუსტი მხარე აღმოაჩინო. ერთადერთი იმის საშიშროება არსებობს, რომ მომავალში შესაძლოა ასეთ წნეხს ვეღარ გაუძლოს.
"არავინ იცნობდა კვარაცხელიას"
21 წლის კვარაცხელიამ, საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში, 8 გოლის გატანა შეძლო. მამა - ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანში ასპარეზობდა.
კვარაცხელიას პროფესიონალური დებიუტი 2017 წელს, 16 წლის ასაკში, საქართველოს 18-გზის ჩემპიონის "დინამო თბილისის" რიგებში შედგა. 2018 წელს, კვარა "რუსთავში" გადავიდა - სწორედ "რუსთავში" ჩატარებული მატჩების შემდეგ, გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო 60 ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.
2019 წელს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივს" შეუერთდა, სადაც 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა. "ლოკომოტივმა" კვარაცხელია არ გამოისყიდა, რითიც მთავარი მწვრთნელის იური სიომინის წყენა გამოიწვია. რუსმა სპეციალისტმა აღნიშნა: "ექსტრემალურად ნიჭიერი ბიჭის დაკარგვას, ტირილამდე მივყავარ". კვარა "რუბინში" დაახლოებით £500,000-ის სანაცვლოდ გადავიდა, სადაც თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია და უმოკლეს დროში, ყაზანური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. L’Equipe-მ 2001 წელს და მას შემდეგ დაბადებულ საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, კვარაცხელია 34-ე ნომრად დაასახელა.
L'Equipe have ranked the best 50 young players in world football (born 2001 or after). pic.twitter.com/zbV4BAw2Wc
— Colin Millar (@Millar_Colin) February 12, 2021
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, FIFA-მ ლეგიონერებს შესაძლებლობა მისცა, რომ რუსეთი 2022 წლის 30 ივნისამდე დაეტოვებინათ. კვარაცხელია "დინამო ბათუმს" იჯარით შეუერთდა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.
კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ევროპული ფეხბურთის გრანდები იჩენდნენ - გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალი", "ტოტენჰემი" და "მილანი" მის ტრანსფერს აქტიურად განიხილავდნენ. საბოლოოდ, "ნაპოლიმ", რომელსაც დრის მერტენსის, ლორენცო ინსინიესა და კალიდუ კულიბალის გუნდიდან წასვლის შემდეგ, გარდამავალი პერიოდი ჰქონდა, კვარაცხელიას ტრანსფერი გააოფიციალურა. კვარაცხელია იტალიაში ჩავიდა, როგორც უცნობი ფეხბურთელი.
"მას არავინ იცნობდა, როდესაც იტალიაში ჩავიდა", - აღნიშნავს მონტანარი.
"მის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ რეალურად არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა სერია A-ში თავის დამკვიდრებას, რადგან კვარაცხელია მანამდე მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში ასპარეზობდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ნეაპოლიტანური კლუბისათვის კვარაცხელიას ტრანსფერი საკმაოდ სარისკო ფსონად შეფასდა. ვრცელდებოდა ჭორები, რომ "იუვენტუსი", "მილანი" და "რომა" ასევე ინტერესდებოდნენ კვარას ტრანსფერით, თუმცა, საბოლოოდ მხოლოდ "ნაპოლიმ" და მისმა სპორტულმა დირექტორმა იწამეს კვარაცხელიას პოტენციალის.
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა აღიარა, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 2020 წელს ჰქონდა, მაგრამ მაშინ მის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვდნენ. "ნაპოლიმ" მოთმინებისა და იღბლის შედეგად, ტრანსფერი მესამედ ფასში განახორციელა".
Napoli director Giuntoli: "Khvicha Kvaratskhelia was in our list since March 2020. We decided to invest on him and we've been faster than Real Sociedad, Roma and Juventus", tells @CorSport. ⭐️🇬🇪 #SerieA
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 9, 2022
"The final fee for Kvara was €10m - two years ago they wanted €30m!". pic.twitter.com/R9CsSDHXdi
წარდგენის დროს, პირველივე პრესკონფერენციაზე კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ "ნაპოლიში" არა ინსინიეს შემცვლელად - არამედ საკუთარი თავის დასამკვიდრებლად მივიდა. კვარაცხელიამ "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრებზე უდიდესი გავლენა იქონია. ნეაპოლიტანური კლუბისა და საქართველოს მაისურით ერთობლივად ჩატარებულ 18 შეხვედრაში, კვარამ 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Khvicha Kvaratskhelia è il Player Of The Month di agosto eletto dalla Serie A! 💪
— Official SSC Napoli (@sscnapoli) September 9, 2022
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/jNaP3WQMCo
კვარას იტალიაში ბრწყინვალე სტარტი აქვს, რის შედეგადაც პრაქტიკულად ყველა მის შესახებ საუბრობს, თუმცა, "ნაპოლის" მენეჯერი ლუჩანო სპალეტი მიიჩნევს, რომ კვარას საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინაა. სპალეტის მტკიცებით, კვარაცხელიას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გაცილებით უფრო ძლიერი გახდეს.
"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი ღირებულებები გააჩნია. ნამდვილი პროფესიონალი და კარგი ბიჭია. კვარაცხელიას ნებისმიერი მეტოქის მოტყუება შეუძლია და ბურთს ორივე ფეხით არტყავს, მაგრამ, თავისი რეალური შესაძლებლობები ჯერ ბოლომდე არ გამოუვლენია", - აღნიშნავს სპალეტი.
"მისი ყურება სიამოვნებაა"
ლეგენდარულ მარადონასთან შედარებას, კვარაცხელია თავმდაბლობით პასუხობს: "მარადონასთან მიახლოებაც კი არ შემიძლია, მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ კლუბისათვის დიდი ფეხბურთელი გავხდე".
მონტანარი მიიჩნევს, რომ სერია A-ს განვლლ 6 ტურზე დაკვირვებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელად განვიხილოთ. ნეაპოლიტანელები 14 ქულით, სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
"მისი ყურება სიამოვნებაა. კვარაცხელიას ჩვეულ სტილში განხორციელებული ერთი დრიბლინგით, გულშემატკივრების აღფრთოვანება შეუძლია. იტალიაში ჩატარებული სასტარტო მატჩების შემდეგ, ის უკვე განიხილება, როგორც ტოპ ფეხბურთელი. ჩემპიონთა ლიგაზე, "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართული მატჩი, მისთვის ურთულესი გამოცდა უნდა ყოფილიყო, თუმცა, კვარაცხელიამ გამოცდა უმარტივესად ჩააბარა! ახლა, ყველას მხოლოდ ერთი კითხვა აქვს - შეძლებს თუ არა კვარა სეზონის ბოლომდე ამ ფორმის შენარჩუნებას".
ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ სადებიუტო შეხვედრაში, კვარაცხელიამ ისეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ გაიბრწყინა, როგორიცაა: ალექსანდრ-არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი, ფაბინიო და სხვა... აღნიშნული მატჩი კვარაცხელიამ საგოლე გადაცემით დაასრულა, მაგრამ პირველ სამ გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
კვარაცხელიამ "რეინჯერსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც გაიბრწყინა, სადაც საკუთარი გუნდისათვის პენალტი მოიპოვა.