ესპანური მედია: "ვალენსიას მფლობელი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასის შემცირებას დათანხმდა"
ესპანური მედია საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, "ღამურებისთვის" ყველანაირი ფინანსური სარგებელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი დაწიეს.
"მას შემდეგ, რაც "ვალენსიასთვის" ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავთ, კლუბმა გადაწყვიტა, რომ 30 მილიონ ევროს თანხა დააკლონ და ახალი საფასური ალბათ იქნება ისეთი, რომელიც მათი და ფეხბურთელის გზების გაყოფას გამოიწვევს.
კლუბის მფლობელი, პიტერ ლიმი 20 მილიონ ევრომდე ფასის შემცირებას დათანხმდა, რაც 22 წლის მეკარისთვის, რომელიც ამ მომენტისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მშვენიერი ფასია.
მხოლოდ მამარდაშვილის ტრანსფერი საკმარისი არ არის, ასევე, ტიერი კორეია და იუნუს მუსა კლუბიდან წასვლის წინაშე არიან. ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, მუსა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს კლუბთან ერთად დაიწყებს, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუბენ ბარახა ვარაუდობს, რომ ის გუნდთან ერთად ახალ სეზონში აღარ იქნება", - წერს todofichajes.com-ი.
2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის”, ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ.