Belive

ერთად შახტარში, ახლა კი ტოტენჰემში - მუდრიკს კვლავ დე ძერბი გაწვრთნის

15 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

„ტოტენჰემმა“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ჩელსისგან“ ორი ფეხბურთელი შეიძინა, ერთ-ერთი მიხაილო მუდრიკია, რომელიც კლუბმა იჯარით დაიმატა. უკრაინელი ვინგერის კონტრაქტი გამოსყიდვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს - საბოლოო სატრანსფერო ფასმა შესაძლოა 75 მილიონ ფუნტს მიაღწიოს. 

მუდრიკს რობერტო დე ძერბი კვლავ გაწვრთნის. სწორედ იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გაატარა უკრაინელმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დონეცკის „შახტარში“, 2021-22 წლებში.

„ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. მოუთმენლად ველი ვარჯიშების დაწყებასა და თამაშს. ძალიან მიხარია, რომ რობერტო დე ძერბისთან ერთად კვლავ ვიმუშავებ“ - მიხაილო მუდრიკი

მუდრიკისა და ტოსინის დამატების შემდეგ „ტოტენჰემის“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეძენილი ფეხბურთელების რაოდენობამ ათს მიაღწია, ხოლო კლუბის საერთო დანახარჯმა დაახლოებით 400 მილიონ ფუნტს გადააჭარბა. 

მუდრიკის ტრანსფერს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ახლავს. ის პირველი ფეხბურთელია 2009 წლის შემდეგ, რომელიც „ჩელსიდან“ პირდაპირ „ტოტენჰემში“ გადავიდა. ბოლო ასეთი ფეხბურთელი იტალიელი მეკარე კარლო კუდიჩინი იყო. 

დე ძერბიმ კი ყოფილ შეგირდთან ხელახლა მუშაობის შესაძლებლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კარგად იცის, რისი შეთავაზება შეუძლია მუდრიკს გუნდში.

„მიშასთან მისი კარიერის ადრეულ ეტაპზე მიმუშავია და ზუსტად ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია მას ჩვენი გუნდისთვის. მას აქვს თამაშის შეცვლის უნარი, სისწრაფე და ერთი-ერთზე სიტუაციებში მოწინააღმდეგის ჩამოშორების შესანიშნავი შესაძლებლობა. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“ - რობერტო დე ძერბი

მუდრიკისთვის „ტოტენჰემში“ გადასვლა კარიერის თავიდან დაწყების შესაძლებლობაა. უკრაინელი ვინგერი „ჩელსიმ“ 2023 წლის იანვარში 62 მილიონ ფუნტად შეიძინა, თუმცა ლონდონურ კლუბში საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა ვერ მოახერხა, ამას დაემატა დოპინგ სკანდალი და დიდხნიანი დისკვალიფიკაცია.

უკრაინელს მაღალი კონკურენციის გამო ძირითადში თამაში გაუჭირდება, დე ძერბი მუდირკსიგან მაქსიმალურ მონდომებასა და თავდადებას მოითხოვს. თუ ის სწრაფად შეძლებს სათამაშო რიტმის დაბრუნებას და მწვრთნელის მოთხოვნებთან ადაპტაციას, მას „ტოტენჰემში“ მნიშვნელოვანი როლის დამკვიდრების რეალური შანსი ექნება.

სხვა სტატიები