Belive

ერლინგ ჰოლანდმა "სიტიში" გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბაიერნთან" დებიუტის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდმა ჟურნალისტებთან რამდენიმე თემაზე ისაუბრა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პეპ გვარდიოლა "ცოტა გიჟად" მოიხსენია და ფიქრობს, რომ "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ცხოვრებაში მხიარული უნდა იყოს. 22 წლის ფეხბურთელმა მიუნხენური გრანდის წინააღმდეგ თავი მშვენივრად წარმოაჩინა. გარდა მე-12 წუთზე გატანილი გოლისა, მან მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და "ქალაქელების" რიგებში ნამდვილად გამოირჩეოდა. ერლინგმა ისიც აღნიშნა, რომ მზადაა პრემიერლიგის გუნდებთანაც მოსინჯოს ძალები და "სიტის" ჩემპიონობის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
"გვარდიოლა ცოტა გიჟია და მე ეს მომწონს, ვფიქრობ მასთან მუშაობა სახალისო იქნება. სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ამ გუნდში ვარ, ასე რომ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვვარჯიშობდი და მზად ვარ გამოწვევებისთვის. ბოლო წლებში "სიტის" უამრავ თამაშს ვუყურებდი. როგორც ყველამ ვიცით, გვარდიოლა თავდამსხმელის გარეშე თამაშობდა,ასე რომ, მე ვხედავ ჩემს თავს გუნდის სათამაშო სქემაში და არ მიკვირს, რომ შანსი მატჩის სტარტზევე მომეცა."
როგორც ჩანს, მხიარულმა ნორვეგიელმა ბიჭუნამ ახალ გუნდში მეგობარი უკვე გაიჩინა. ის მალევე დაუახლოვდა ჯეკ გრილიშს და ინგლისელმა ჰოლანდს მეტსახელიც მოუფიქრა: "დიდი ბიჭი". ეს იმის ნიშანია, რომ ერლინგი გუნდს კარგად შეეწყო და თავს კომფორტულად გრძნობს. "ის კარგია. მომწონს მის ირგვლივ არსებული ატმოსფერო, როგორც ჩანს, სახალისო დღეები გველის წინ." - ამბობს გრილიში ჰოლანდზე. რაც შეეხება "სიტის" უახლოეს მომავალს. მანჩესტერული კლუბი 30 ივლისს, Community Shield-ის ფინალში, "ლივერპულს" დაუპირისპირდება. რვა დღის შემდეგ, პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას გუნდი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავს.    

სხვა სტატიები