ენდი კოული: "ჰოლანდმა ჩემი რეკორდი ისე მოხსნა, რომ თავი არაფრად მაგრძნობინა..."
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ და პრემიერ ლიგის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა - ენდი კოულმა, ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.
საქმე იმას ეხება, რომ ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონშივე, 1 სეზონში გატანილი გოლების რეკორდი მოხსნა (36). ეს რეკორდი კი ალან შირერსა და ენდი კოულს ეკუთვნოდათ (34 გოლი 1 სეზონში).
"გულწრფელად ვამბობ, რომ მე ასეთი რობოტის ტიპის ფორვარდი არ მინახავს. განა ამას დამაკნინებლად ვიძახი, არა, პირიქით, ერლინგ ჰოლანდი არის ნამდვილი ფორვარდი, რომელსაც რობოტული თვისებები გააჩნია.
მე არ ვარ ცუდი ადამიანი, რომ ჩემი რეკორდის გაუმჯობესება მეწყინოს, ხალხი ფიქრობს, რომ მე ნაწყენი ვიყავი ამ ფაქტზე და კომენტარს სწორედ ამიტომ არ ვაკეთებდი. არა, პირიქით, მე მივესალმები ჰოლანდის ახალ გამოწვევას და ქედს ვიხრი მის წინაშე. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 36 გოლის გატანა არანორმალურია.
მე ბედნიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემი რეკორდი 20 წლის განმავლობაში ვერავინ მოხსნა. ამიტომაც ბრავო ერლინგს. მის წარმატებას და რეკორდებს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები..." - ენდი კოული.
შეგახსენებთ, რომ ენდი კოულს წლების განმავლობაში არაერთ პრემიერ ლიგურ გრანდში უთამაშია, როგორებიცაა: "მანჩესტერ იუნაიტედი"; "ნიუკასლი"; "მანჩესტერ სიტი"; "ფულემი"; "ბლექბერნი"; "პორტსმუთი".
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლეგენდარული ინგლისელი ფორვარდი - ენდი კოული, პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის, 187 გატანილი გოლით მეოთხე ადგილზე იმყოფება.