ედენ აზარმა 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და საერთაშორისო ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა - ედენ აზარმა, 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"თქვენ უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს და შეჩერდეთ საჭირო დროს. 16 წლის და 700-ზე მეტი მატჩის შემდეგ გადავწყვიტე დავასრულო ჩემი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა.
მე შევძელი ჩემი ოცნების რეალიზება, ვითამაშე მსოფლიოს ბევრ მოედანზე, ჩემი კარიერის განმავლობაში გამიმართლა, რომ შევხვდი დიდ მენეჯერებს, მწვრთნელებს და თანაგუნდელებს - მადლობა ყველას ამ შესანიშნავი დროისთვის, მომენატრებით ყველა.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო კლუბებს, რომლებშიც მითამაშია: "ლილს", "ჩელსის", მადრიდის "რეალსა" და ყველაზე დიდი მადლობა ბელგიის ნაკრებს.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემს მრჩევლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ახლოს იყვნენ კარგ და ცუდ დროს.
და ბოლოს, დიდი მადლობა თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც დამყვებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და მამხნევებდნენ ყველგან, სადაც მითამაშია.
ახლა იმის დროა, რომ დავტკბე ჩემი საყვარელი ადამიანებით და მივიღო ახალი გამოცდილება..." - ედენ აზარი
შეგახსენებთ, რომ ედენ აზარმა პროფესიონალური კარიერა ფრანგულ "ლილში" დაიწყო, რომელიც შემდეგ უკვე პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი "ჩელსიში" გაგრძელდა, სადაც ლეგენდის სახელი დატოვა.
ლონდონურ კლუბში გატარებული დიდებული წლების შემდეგ, ედენ აზარის კარიერა "სამეფო კლუბში" გაგრძელდა, სადაც მან თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა, საბოლოოდ კი კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
საკლუბო პროფესიონალურ კარიერაში ედენ აზარმა 623 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავი 167-ჯერ, საგოლე გადაცემით კი 157-ჯერ გამოიჩინა.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ედენ აზარმა ბელგიის ნაკრებში 126 თამაში ითამაშა, სადაც 33 გოლის გატანა შეძლო.