Belive

მძიმე ტრავმა და დიდი იმედგაცრუება - ისკო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბეტისის" შემტევი - ისკო, ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. მან ტრავმა 16 მაისს, ლა ლიგის 36-ე ტურში, "ლას პალმასის" წინააღმდეგ მიიღო და მოედანი მატჩის 39-ე წუთზე იძულებით დატოვა.

სამედიცინო ჩარევამ აჩვენა, რომ მას მარცხენა ფეხზე მენჯის ძვალი აქვს მოტეხილი, რის გამოც საკმაო პერიოდი გაუცდება. მან საავადმყოფო ყავარჯნებით დატოვა და რამდენიმე დღეში გაირკვევა, ისკოს ფეხი საოპერაციოა თუ არა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - ლუის დე ლა ფუენტემ, ცნობილ ესპანურ გამოცემა "MARCA"-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მან უკვე იცის იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

აქედან ერთ-ერთი კი ისკო იყო, რომელმაც მიმდინარე სეზონში შეძლო ძველი დიდების დაბრუნება და "ბეტისის" 29 მატჩიდან, 19-ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ იგი დასახელდა.

ალბათ ყველასთვის რთული და შეუძლებელი იყო, ის რაც ისკომ გააკეთა. იგი ბოლო პერიოდში მადრიდის "რეალში" ძალიან ჩაკარგული იყო და საერთოდ სათამაშო დრო აღარ ეძლეოდა, თუმცა "ბეტისში" გადასვლით მას "მეორე სიცოცხლე გაეხსნა" და ეროვნულ ნაკრებში 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოიძახეს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისკო თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ეროვნულ ნაკრებში უმაღლეს დონეზე თამაში მისი უდიდესი ოცნება იყო. მან შეძლო და 2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში ითამაშა, თუმცა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი მისთვის პირველი ევროპის ჩემპიონატი უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, როგორც ჩანს იგი ევროპის ჩემპიონატს იძულებითი ტრავმის გამო გამოტოვებს.

ისკოს მიმდინარე სეზონში "ბეტისის" რიგებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით 9-ჯერ, საგოლე გადაცემით კი თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები