Belive

დინამო თბილისის კაპიტანი კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ექს-ჩემპიონის, "დინამო თბილისის" კაპიტანმა, გიორგი პაპავამ კლუბი დატოვა და კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა თბილისელთა რიგები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და ამიერიდან უზბეკეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "ოლმალიქში" ითამაშებს. უზბეკურ გუნდში წლების განმავლობაში არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, მათ შორის გიორგი კვესიეშვილს, შოთა გრიგალაშვილს, ელგუჯა გრიგალაშვილს, მათე ვაწაძესა და გიორგი კუხიანიძეს. 29 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ქართულ გუნდს შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: "დინამო" ჩემთვის ოჯახია, აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში. აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და მუდამ "დინამოს" გულშემატკივრად დავრჩები. ამ კლუბმა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. ამ ყველაფრისთვის მსურს მადლობა ვუთხრა "დინამოს". გარკვეული პერიოდი ჩემს "დინამოურ" კარიერაში პაუზა იყო და დაბრუნების შემდეგ კაპიტნად ამირჩიეს. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რადგან "დინამო" უდიდესი კლუბია, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია". გიორგი პაპავა დინამო თბილისის აღზრდილია, 2020 წლის სეზონიდან კი, იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ. გამოცდილ ნახევარმცველს დინამოს მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში კი, მან ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მან თბილისური კლუბის მაისურით 4-ჯერ საქართველოს ჩემპიონატი, სამჯერ თასი, ერთხელ კი სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები