დინამო თბილისის ფინანსური მაჩვენებლები | რიცხვებში ასახული პრობლემები
Finspot-მა "შპს საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის" 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა წელი ₾53 მილიონიანი ზარალით დაასრულა.
2022 წელს, "დინამო თბილისის" შემოსავლებმა ₾9 მილიონი შეადგინა. აქედან ₾4.4 მილიონი ფეხბურთელების ლიცენზიების გაყიდვიდან, ₾2.5 მილიონი კი სტადიონის იჯარიდან დაგენერირდა.
საოპერაციო ხარჯებმა ₾21 მილიონი შეადგინა, საიდანაც ₾13 მილიონი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. წინა წლების მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტეს შემთხვევაში კომპანიის შემოსავლები ხელფასების გასაცემადაც კი არ არის საკმარისი.
იმის გამო, რომ კომპანია წლების განმავლობაში საოპერაციო ზარალზე ოპერირებს, დაგროვილმა ზარალმა ₾53 მილიონი შეადგინა 2022 წლის ბოლოს. შესაბამისად, კომპანია საჭიროებს მნიშვნელოვან დაფინანსებას, რომელსაც ძირითადად სესხის სახით იღებს დაკავშირებული მხარისგან და/ან კომერციული ბანკისგან. თუმცა ეს დაფინანსებაც ხშირად არ არის საკმარისი. მაგალითად, შექმნილი ფინანსური პრობლემების ფონზე, 2020 წელს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" საკუთრებაში გადაეცა დინამოს ₾8.3 მილიონის ღირებულების ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობები).
კომპანია საკმაოდ მაღალ-ლევერიჯიანია: დაკავშირებული მხარეებისგან და კომერციული ბანკებისგან აღებულმა სესხებმა ₾17 მილიონი შეადგინა, რაც აქტივებს 43%-ით აღემატება.
არასაკმარისი cash flow-ს გენერირების პირობებში, კლუბს არ აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს ახალი ფეხბურთელები და სკაუტინგისთვის დამატებითი სახსრები გამოყოს, რაც კლუბის განვითარებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
სფფ-სა და ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება
დამატებით, დინამო თბილისი (ისევე როგორც საქართველოში არსებულ სხვა კლუბები), დაფინანსებებს ფეხბურთის ფედერაციისგან და ფეხბურთის განვითარების ფონდისგან იღებს.
ამ უკანასკნელს დაახლოებით ₾250 მილიონის დაფინანსება აქვს გაცემული 2016 წლიდან 70 სხვადასხვა გუნდზე. ვინაიდან ქართული საფეხბურთო კლუბების უმრავლესობა ფინანსურად "სულს ღაფავს", სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას ახმარენ საოპერაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას, ნაცვლად კაპიტალური ინვესტიციებისა, რომელიც მომავალში შედეგს გამოიღებს.
რამდენად სწორია ყველა გუნდის დაფინანსება განურჩევლად მათი არსებული წარმატებისა თუ პერსპექტივისა? ან რამდენად ეფექტურია კლუბის საოპერაციო ხარჯების დასაფარად ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსები? ამის შეფასება ექსპერტებს მივანდოთ. ეს საკითხი ყველა საფეხბურთო კლუბს ეხება და არა კონკრეტულად დინამო თბილისს. - Finspot
შემოსავლის სტრუქტურა საქართველოსა და უცხოეთში
წარმატებული კლუბების (მაგ: Manchester United, Celtic, Juventus) შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს:
თამაშების ტრანსლაციის უფლების გაყიდვა;
სპონსორობა და რეკლამა;
ბილეთების რეალიზაცია;
ბრენდირებული პროდუქციის საცალო გაყიდვა.
რა ხდება ამ დროს საქართველოში?
თამაშების ტრანსლაციის უფლების გაყიდვა არამატერიალურია;
რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებული შემოსავალი საკმაოდ მწირეა;
მატჩზე დასასწრები ბილეთები თითქმის არ იყიდება და შესაბამისად შემოსავალიც მიზერულია;
საკლუბო მაღაზიიდან (ფან-შოპი) შემოსავლები ასევე არამატერიალურია.
ვინ შეიძლება დინამო თბილისი იყიდოს?
ამ კითხვაზე, Finspot-ის პასუხი ასეთია:
მომავალი მფლობელი ფეხბურთის დიდი სიყვარულით, ალტრუისტული მიზნებით და/ან სტატუსისთვის ყიდულობს ამ გუნდს;
მეორე ვარიანტია, რომ ეს გუნდი სიმბოლურ თანხად გადაეცეს მომავალ მფლობელს, რომელიც მრავალწლიან და მრავალმილიონიან ინვესტიციას ჩადებს იმ იმედით რომ მომავალში კლუბის ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის და მაღალ ფასად გაყიდის;
მესამე ვარიანტია, ადგილობრივმა მსხვილმა ბიზნესმა (ბიზნესებმა) იყიდოს და ხარჯი გაწიოს საკუთარი მარკეტინგული მიზნებისთვის;
მეოთხე ვარიანტია, საჯაროდ დაილისტოს და ამ ფორმით გულშემატკივრების ნაწილი გახდეს კლუბის უშუალო მფლობელი. ასე იქნებ ხელიც შევუწყოთ ქართული საფონდო ბირჟის მცირედ გააქტიურებას:)
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
კომპანიის საბოლოო მფლობელები:
- სოფიკო ფიფია: 50%
- ბექა ფიფია: 50%