Belive

დინამო თბილისი UEFA-ს რეიტინგის 340-ე ადგილზე მყოფ გუნდთან დამარცხდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გვაქვს თუ არა იმის მოთხოვნის ობიექტური საფუძველი, რომ ევროსარბიელის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე ქართული კლუბი, მალტის წარმომადგენელს გასვლით შეხვედრაში ამარცხებდეს? ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, თუმცა, "დინამო თბილისმა" იმ მატჩის მოგება, რომელშიც ფავორიტად ითვლებოდა, არათუ ვერ შეძლო - არამედ დამარცხდა კიდეც.

თბილისში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ასტანასთან" მარცხისა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, 1 კვირაც არაა გასული, რომ "დინამო თბილისი" კვლავ დამარცხდა.

ამჯერად UEFA-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, მალტური "ჰამრუნის" წინააღმდეგ. იმ "ჰამრუნის" წინააღმდეგ, რომელიც UEFA-ს საკლუბო რეიტინგში 340-ე ადგილს იკავებს და რომლის არსებობის შესახებ, შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმა ან არ იცოდა, ან ახლახანს შეიტყო.

მალტაში გამართული მატჩი, ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი შავი ლაქაა. მატჩი, რომელშიც UEFA-ს რეიტინგის 340-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, არათუ არაფერი დაუთმო - არამედ რიგ ეპიზოდებში დაჩაგრა კიდეც და ბოლო წუთამდე ბრძოლის გაკვეთილი ჩაუტარა. 

დიახ, რეიტინგის 340-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა, რომელიც მე-60 წუთისთვის 0:1 მარცხდებოდა, 81-ე და 98-ე წუთებზე ორი გოლი გაგვიტანა და გამარჯვება მოიპოვა.

ეს ფეხბურთია, სადაც მოულოდნელი ანგარიშები ფიქსირდება და ყოფილა შემთხვევები, როდესაც გრანდი აუტსაიდერთან დამარცხებულა, მაგრამ ვფიქრობ, ქართველ გულშემატკივარს აქვს სრული უფლება იმისა, რომ საყვარელ კლუბს მალტური გუნდის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მისია დააკისროს - მისია, სახელად გამარჯვება. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება გასვლითი, თუ საშინაო შეხვედრა.

საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება და იმედია, რომ დღევანდელ მატჩში დაშვებული შეცდომები სწორად იქნება გაანალიზებული, რაც "დინამო თბილისს" მატჩის სასურველი შედეგით დასრულებაში დაეხმარება.

სხვა სტატიები