Belive

დინამო ბათუმის მარცხი გუნდთან, რომელიც უეფას რეიტინგში 370-ეა

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ,,დინამო ბათუმი'' მონტენეგროს ჩემპიონ ,,დეჩიჩთან'' 0:2 დამარცხდა.

ეს მატჩი ქართული გუნდის მეტოქისთვის განსაკუთრებული გამოდგა, რადგან ,,დეჩიჩმა'', რომელიც 1928 წელს, ტუზიში (ამჟამინდელი მოსახლეობა 5 000 კაცი) დაარსდა, ევროტურნირების ისტორიაში პირველი თამაშის მოგება შეძლო.

,,დეჩიჩმა'' ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ მე-7 შეხვედრა ჩაატარა. აქამდე მის ანგარიშზე 4 წაგება და 2 ფრე იყო: მილორად პეკოვიჩის გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე უელსურ ,,ტნს-ს'' დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა. მანამდე კი კონფერენს ლიგის შესარჩევის ეტაპის პირველივე რაუნდიდან ჯერ კოსოვოს ,,დრიტამ'' გამოთიშა, შემდეგ კი მინსკის ,,დინამომ''.

,,დეჩიჩმა'' მონტენეგროს უმაღლეს ლიგაში პირველად წარმატებას 2020-2021 წლების სეზონში მიაღწია, როცა სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა, გუნდმა მომდევნო წელს იგივე შედეგი დააფიქსირა, გასულ სეზონში კი ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

რამდენიმე დღის წინ, უეფამ კლუბების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მონტენეგრული გუნდი 370-ე ადგილს იკავებს (სულ რეიტინგში 427 გუნდია), შედარებისთვის, ,,დინამო ბათუმი'' ამავე რეიტინგში 213-ეა.

,,დენჩიჩსა'' და ,,დინამო ბათუმს'' შორის საპასუხო მატჩი მომავალ სამშაბათს, 30 ივლისს, მონტენეგროში გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები