Belive

დინამო ბათუმის მომავალმა მეტოქემ ინტერის და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
15 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ახალი ევროპული ტურნირის, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართული კლუბების მეტოქეებიც გაირკვა. ცნობილია, რომ "დინამო ბათუმის" მეტოქე სან მარინოს წარმომადგენელი "ტრე პენე" იქნება, რომელსაც 8 ივლისს, საშინაო კედლებში, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს, 15 ივლისს კი თავად ესტუმრება. საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგის ლიდერი კლუბის მომავალმა მეტოქემ სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა, როგორიც ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, მაიკონია. 39 წლის ფეხბურთელი, რომელსაც წლების განმავლობაში მილანის "ინტერის", "რომას" და "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში უთამაშია, 4-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ კოპა ამერიკა და "ნერაძურისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოუგია, სან მარინოულ კლუბს იტალიის სერია D-ის ბინადარი "სონია კალჩიოდან" შეუერთდა. ბრაზილიის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელი ახალ კლუბს უკვე შეუერთდა და სავარაუდოდ, ქართულ კლუბთან დაპირისპირებაში მონაწილეობას მიიღებს.

სხვა სტატიები