"დიდი მეკარე ბევრი ღირსებით" - ლივერპულის ანალიტიკური სტატია მამარდაშვილზე
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპული" გასულ თვეს "ვალენსიას" შეუთანხმდა და ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონად შეიძინა. 1 წლის შემდეგ გიორგი ენფილდზე გადაბარგდება, მანამდე კი თავად მოითხოვა, რომ იჯარის წესით 1 სეზონი ისევ ვალენსიაში გაატაროს.
ლივერპულის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ლა ლიგის კორესპონდენტისა და The Athletic-ის ექსპერტის, დერმოტ კორიგანისგან, მამარდაშვილის შესაძლებლობების შესახებ ანალიზი მოისმინა და გამოაქვეყნა.
როგორი რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ლივერპულმა ვალენსიასგან მამარდაშვილი შეიძინა?
დიდად არ გამიკვირდა. ის მართლაც კარგი მეკარეა და ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ რაღაც ეტაპზე ის ვალენსიას დატოვებდა, ალბათ, ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ - არავინ იცოდა რა დონის იქნებოდა მისი მომდევნო კლუბი, მაგრამ ევროს შემდეგ, სადაც მან ჩინებულად ითამაშა, მოსალოდნელი იყო, რომ პრემიერლიგაში მოხვდებოდა. ლივერპული მისთვის შესანიშნავი ნაბიჯია და ასევე კარგი ნაბიჯია ლივერპულისთვისაც.
ადრევე აშკარა იყო, რომ ისეთი კლუბი, როგორიც ლივერპულია, მისთვის იბრძოლებდა?
მან ვალენსიამდე ცოტა უჩვეულო გზა გაიარა. ვალენსიას პოლიტიკის ნაწილი იყო, რომ მოეყვანა ახალგაზრდები მცირევადიანი პერსპექტივით და შემდეგ სარფიანად გაეყიდა ისინი. თუმცა ამ მოთამაშეებს ვალენსიასიასთვის სარგებელი ხარისხიანი თამაშითაც უნდა მოეტანა და მამარდაშვილი სწორედ ასეთი აღმოჩნდა. როგორც კი ის გამოჩნდა ფაქტი იყო, რომ სუპერპოტენციალი ჰქონდა, თუმცა სჭირდებოდა გამოცდილება და ტექნიკური გაუმჯობესება.
მას ყოველთვის აღიქვამდნენ, როგორც ბიჭს, რომელიც კარგი იქნებოდა მოკლევადიან და საშუალო პერსპექტივაში, საბოლოოდ კი გადაინაცვლებდა ჩემპიონთა ლიგის გუნდში.
ვალენსიას ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში აღმავლობა და ვარდნა ჰქონდა. ეს ძალიან ამბიციური ადგილია, ისინი მიჩვეულები არიან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს და ჩვენ გვახსოვს, რომ ლა ლიგა მოიგეს რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობით, ასევე მოიგეს კოპა დელ რეი რამდენიმე წლის წინ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი დაქვეითებას გადაურჩნენ და გაყიდეს თავიანთი საუკეთესო ფეხბურთელები, ასე რომ, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის - განსაკუთრებით მეკარისთვის - ეს არც ისე მარტივად სათამაშო ადგილია. მის წინ, დაცვაშიც ბევრი ცვლილება ხორციელდებოდა. გასულ სეზონში, მამარდაშვილი შესანიშნავი იყო და ეს ნამდვილად მისი საუკეთესო სეზონი იყო. მისი xG მოგერიებების სტატისტიკა ლა ლიგაში საუკეთესო იყო - მან აჩვენა, რომ ახალ დონეს მიაღწია.
გასაგებია, რომ ის კარგი ამღებია, თუმცა როგორია პენალტებში?
ის დიდი, ფიზიკურად შთამბეჭდავი ბიჭია და აქვს ბევრი ღირსება. უყვარს თამაშში ჩართვა. პენალტები არის ის, სადაც მეკარეებს ეძლევათ გაბრწყინების შანსი. მან ლა ლიგაში ექვსი პენალტიდან სამი მოიგერია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენაა - ის იყო ლივერპულში რაფასთან ერთად და ასევე ესპანეთის ნაკრებში მთელი ოქროს ხანის განმავლობაში, მოიგო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ორი ევრო, მუშაობდა იკერ კასილასთან და პეპე რეინასთან. ასე რომ, მას ჰქონდა ტექნიკური საფუძველი. ის მოვიდა იმ 'უხეში' ნიჭით, რომელიც ყოველთვის ჰქონდა - ფიზიკურად ის უზარმაზარია, აქვს რეფლექსები - მაგრამ მან შეძლო რამდენიმე წელი ემუშავა ვალენსიაში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეების მწვრთნელთან ერთად და დამტკიცდა კიდეც, რომ მამარდაშვილი ძალიან გაიზარდა.
არის თუ არა ის მზად პრემიერლიგის სპეციფიკისთვის?
ზოგჯერ მეკარეები, რომლებიც სხვა ლიგებიდან არიან, შეიძლება უფრო მიჩვეულები იყვნენ ხაზზე დარჩენას, არ გამოდიან ჩაჭრებზე, არ ხვდებიან თავდამსხმელებს ერთი-ერთზე, მაგრამ მე ამაზე არ ვინერვიულებდი. ის ერთგვარი ტრადიციული მეკარეა. მას ვალენსიაში და საქართველოს ნაკრებში არ მოუხდა მცველების ზურგსუკნიდან 'პლეიმეიკერის' როლის შესრულება - არ ვამბობ, რომ ამის უნარი არ აქვს, მაგრამ ეს არის კომპონენტი, რისი ყევალზე ნაკლები გამოცდილებაც აქვს.
- Liverpoolfc.com-ის შეკითხვებს პასუხობდა დერმოტ კორიგანი (ლა ლიგის კორესპონდენტი და ექსპერტი)
სტატია მომზადებულია Liverpoolfc.com-ის მიხედვით.