Belive

"დღეს მე ფავორიტად რეალს ვხედავ, როგორც მასპინძელ გუნდს, მაგრამ მხოლოდ ოდნავ" - ხავი მარტინესი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მოთამაშემ ხავი მარტინესმა დღეს გასამართ გადამწყვეტ მეორე ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა, სადაც მადრიდის "რეალმა" გერმანულ გუნდს უნდა უმასპინძლოს, შეგახსენებთ პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ესპანელი ფეხბურთელი დღევანდელ დაპირისპირებაში "ბაიერნის" შანსებს აფასებს

"ბაიერნს" ყოველთვის შეუძლია ორი-სამი გოლის გატანა, ყველა შემტევი ვარსკვლავით, როგორიცაა ჯამალ მუსიალა ან ჰარი კეინი. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოსახვედრად ყველაზე მნიშვნელოვანია დაცვაში ძალიან ორგანიზებული და კონცენტრირებული თამაში. ჩვენ პირველ შეხვედრაში უკვე ვნახეთ, რომ დაცვაში "ბაიერნის" ორი შეცდომით "რეალმა" ისარგებლა და უზარმაზარი ინდივიდუალური ხარისხით, ისეთებით როგორებიცაა ტონი კროოსი და ვინისიუსის ორი გოლით მეტოქე გუნდი დასაჯა.

"რეალს", რა თქმა უნდა, ჰყავს შესანიშნავი ფეხბურთელების წარმოუდგენელი რაოდენობა და სტადიონი, რომელიც დიდ ზეწოლას ახდენს მოწინააღმდეგეზე. ნათქვამი, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე 90 წუთი ძალიან დიდი დროა, მართალია. იქაური გულშემატკივარი მოწინააღმდეგეზე ისევე ახდენს ზეწოლას, როგორც თავიანთ გუნდზე. მათ წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთულია. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ 2018 წელს ჩვენი გამოვარდნა ცოტა უსამართლობა იყო. ჩვენ არ გაგვიმართლა, მეტს ვიმსახურებდით.

პირველ მატჩში 2:1 რომ მოგვეგო, "ბაიერნი" ჩემთვის უფრო ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ ფრეს შემდეგ მე ფავორიტად "რეალს" ვხედავ, როგორც მასპინძელ გუნდს, მაგრამ მხოლოდ ოდნავ. პროცენტულად თუ შევაფასებთ შანსები 55-45-ია. ეს იქნება ძალიან, ძალიან მძიმე თამაში. "ბაიერნმა" პირველ მატჩში შესანიშნავად იმუშავა, განსაკუთრებით დასაწყისში და "რეალს" აკონტროლებდა, ინდივიდუალურ შეცდომებამდე. ლაიმერი წინა შეხვედრაში განსაკუთრებით მომეწონა. ის იყო "ბაიერნის" თამაშის ფილტვები და გუნდს ბევრი რამ მისცა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. - ხავი მარტინესი

სხვა სტატიები