Belive

დენი მერფი: ლივერპულის მთავარი პრობლემა ვირცი და ისაკი არ არიან

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელის, დენი მერფის აზრით, „ლივერპულის“ არასტაბილური შედეგები გუნდის ახალი, ასტრონომიული ფასის მქონე ფეხბურთელების, ფლორიან ვირცისა და ალექსანდერ ისაკის, არასაკმარისად კარგ თამაშს არ უკავშირდება. 

ორივე შემტევი „ლივერპულს“ წინა წელს შეუერთდა და კლუბმა მათ ტრანსფერში დაახლოებით 270 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელებს ჯერჯერობით მათზე დაკისრებული უზარმაზარი მოლოდინების გამართლება უჭირთ. ამის მიუხედავად, მერფი თვლის, რომ ვირცი და ისაკი გუნდის არასტაბილური გამოსვლების მთავარი მიზეზი არ არიან.

„ლივერპულის უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ მათი ფლანგის მცველები საკმარისად კარგი არ არიან“ - დენი მერფი

რასაკვირველია, მერფი მილოშ კერკესსა და ჟერემი ფრიმპონგს გულისხმობდა. „ლივერპულმა“ ორივე ფეხბურთელი დაახლოებით ერთი წლის წინ სოლიდური სატრანსფერო თანხის სანაცვლოდ შეიძინა.

„ისინი არც უკეთესები ხდებიან და არც ამის პოტენციალი აქვთ. ბევრს შრომობენ, მაგრამ მათი ჩაწოდებების დონე და გადაწყვეტილებების მიღება მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს სუსტია“ - დენი მერფი

მერფი კერკესსა და ფრიმპონგს დაცვით ასპექტში არ აკრიტიკებს. მისი შეფასებით, ორივე ფეხბურთელი საკმაოდ სწრაფები არიან, თუმცა შეტევაში მათ სერიოზული პრობლემები აქვთ. ეს ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.

„მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შესანიშნავი ფლანგის მცველები ჰყავთ, რადგან მეტოქეები ცენტრს კეტავენ და ამ დროს სივრცე ფლანგებზე ჩნდება. მცველებს ბურთთან შეხება ძალიან ხშირად უწევთ, მაგრამ ფრიმპონგსა და კერკესს საკმარისი ხარისხი არ აქვთ იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დაცვა გაარღვიონ“ - დენი მერფი

მილოშ კერკეზი სულ ახლახან ჯეიმი კარაგერმაც გააკრიტიკა და მას „ფლანგის მცველების დარვინ ნინუესი უწოდა“.

საინტერესოა, რომ კერკესმა სწორედ ირაოლას ხელმძღვანელობით გაითქვა სახელი „ბორნმუთში“. „ლივერპულმა“ მისი ტრანსფერისთვის დაახლოებით 47 მილიონი ევრო გადაიხადა. მას შემდეგ უნგრელს „ლივერპულის“ მაისურით 51 მატჩში მხოლოდ ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს.

საკმაოდ ცუდი სტატისტიკა აქვს ფრიმპონგისაც, „ლევერკუზენიდან“ 40 მილიონ ევროდ შეძენილმა ფეხუბრთელმა „ლივერპულის“ რიგებში ჩატარებულ 37 შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი და ორი ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები