Belive

დელე ალის წითელი ბარათი მილანთან და 10 ყველაზე ცუდი დებიუტი ფეხბურთის ისტორიაში

2 კვირის წინ ფეხბურთი
6 წთ

,,კომოს'' ახალწვეულისთვის, დელე ალისთვის, რომელსაც ნათამაშები 2023 წლის თებერვლის შემდეგ არ ჰქონდა, იტალიური კარიერა კატასტროფულად დაიწყო. ინგლისელი ნახევარმცველი ,,მილანთან'' მატჩში 81-ე წუთზე ჩაერთო, 10 წუთში კი ლოფტუს-ჩიკის წინააღმდეგ უხეშობის გამო, მოედნიდან გააძევეს.

პოპულარულმა საფეხბურთო ვებგვერდმა, GiveMeSport-მა, ალის ეპიზოდის შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი დებიუტები გაიხსენა:

,,შეიძლება, გაგიკვირდეთ, რომ, წლების განმავლობაში, ყოფილა 10 უარესი დებიუტი, ვიდრე მილანთან ალის გაძევებაა.'' - წერს GiveMeSport
  1. ჯეისონ ქროუ - არსენალი Vs ბირმინგემი, 1997 წელი

1997 წლის 14 ოქტომბერს, ბირმინგემთან ინგლისის ლიგის თასის მატჩში, არსენალის მცველი, ჯეისონ ქროუ მოედანზე შესვლიდან 33 წამში გააძევეს, რაც ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, სადებიუტო შეხვედრაში, უსწრაფესი გაძევება იყო. ქროუს არსენალში ბევრი შანსი აღარ მისცემია, ჯერ კრისტალ პალასში გაანათხოვრეს, შემდეგ კი პორთსმუთში გაუშვეს.

  1. გლენ კილი - ევერტონი Vs ლივერპული, 1982 წელი

ბლექბერნიდან ევერტონში განათხოვრებულმა გლენ კილიმ, მერსისაიდული კლუბის მაისურით ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა - მისმა გუნდმა ლივერპულთან 0:5 წააგო, თავად კი მატჩის დაწყებიდან 33 წუთში წითელი ბარათი მიიღო.

  1. ჰარი კლარკი - იფსვიჩი Vs ბრენტფორდი, 2024 წელი

კლარკმა გასული წლის 24 ოქტომბერს, პრემიერლიგაში იფსვიჩის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მისი გუნდი მეტოქეს 2-ბურთიანი სხვაობით უგებდა, თუმცა ინგლისელმა მცველმა ჯერ პენალტი აიკიდა, რის გამოც ყვითელი ბარათით დაისაჯა, სულ რაღაც 20 წუთში კი მე-2 ბარათიც მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. საბოლოოდ, იფსვიჩმა მატჩი 3:4 წააგო.

  1. სტენლი მილტონი - ჰალიფაქს თაუნი Vs სტოქპორტ ქაუნთი, 1934 წელი

მეკარემ, სტენლი მილტონმა, ჰალიფაქს თაუნის მაისურით ჩატარებულ სადებიუტო მატჩში 13 გოლი გაუშვა.

  1. ლეო მესი - არგენტინა Vs უნგრეთი, 2005 წელი

უცნაურია, მაგრამ სიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც მოხვდა. მესის დებიუტი არგენტინის ნაკრებში 2005 წელს, უნგრეთთან შეხვედრაში შედგა. ლეო მოედანზე 65-ე წუთზე ლისანდრო ლოპესის ნაცვლად გამოვიდა და სულ რამდენიმე წამში, იდაყვის მოქნევის გამო, წითელი ბარათით დაისაჯა.

  1. ტომაშ რჟეპკა - ვესტ ჰემი Vs მიდლსბრო, 2001 წელი

ვესტ ჰემმა 2001 წელს რჟეპკას სანაცვლოდ გუნდისთვის რეკორდული, 5.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ჩეხი ფეხბურთელის პირველი შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა - ცენტრალურმა მცველმა მიდლსბროსთან მატჩში 2 ყვითელი ბარათი მიიღო. ეს კი ყველაფერი არ არის, რჟეპკა მოედნიდან მისთვის მე-3 თამაშშიც გააძევეს. ცუდი სტარტის მიუხედავად, ჩეხმა ვესტ ჰემში 5 სეზონი გაატარა.

  1. კრის სმოლინგი - ალ ფეიჰა Vs ალ რაედი, 2024 წელი

რომაში გატარებული 5 სეზონის შემდეგ, კრის სმოლინგი ალ-ფეიჰაში გადავიდა. ინგლისელისთვის არაბულ გუნდში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული გამოდგა. ალ-რაედთან მატჩის მე-6 წუთზე სმოლინგმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა, 55-ე წუთზე კი წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 34 წლის მცველის გუნდმა საბოლოოდ შეხვედრა 0:5 დათმო.

  1. ჰერმან რულანდერი - ვერდერი Vs ფრანკფურტი, 1981 წელი

გერმანელმა მეკარემ, ჰერმან რულანდერმა, ვერდერის მაისურით ჩატარებულ პირველ მატჩში, მოედნიდან გაყვანამდე, 7 გოლი გაუშვა, მათ შორის 1 ავტოგოლი. საშინელი დებიუტის შემდეგ, რულანდერს 50 000 გერმანული მარკა გადასცეს და სთხოვეს, რომ გუნდში არასდროს დაბრუნებულიყო.

  1. ჯონათან ვუდგეიტი - რეალი Vs ბილბაო, 2005 წელი

ვუდგეიტი სამეფო გუნდში დებიუტს ტრავმის გამო დიდ ხანს ელოდა. ინგლისელს პირველი სეზონი მთლიანად გაუცდა, სადებიუტო მატჩი კი 2005 წლის სექტემბერში, ბილბაოს წინააღმდეგ ჩაატარა. მცველისთვის ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო - ვუდგეიტმა 25-ე წუთზე კომიკური ავტოგოლი გაიტანა, 44-ე და 66-ე წუთებზე კი ყვითელი ბარათები მიიღო. მარკამ ვუდგეიტის ტრანსფერი 21-ე საუკუნის ყველაზე ცუდ გარიგებად შეაფასა.

  1. ალი დია - საუთჰემპტონი Vs ლიდსი, 1996 წელი

ალი დიამ საუთჰემპტონის შემადგენლობაში პირველად და უკანასკნელად 1996 წლის 23 ნოემბერს, ლიდსის წინააღმდეგ ითამაშა. სენეგალელი მატჩში 32-ე წუთზე, ლე ტესიეს ნაცვლად ჩაერთო. ,,ძალიან უხერხული საყურებელი იყო'' - თქვა თამაშის შემდეგ საუთჰემპტონის ლეგენდამ.

წმინდანების მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, გრემ სუნესს, ჟორჟ ვეას სახელით დაურეკეს და დაარწმუნეს, რომ დია ოქროს ბურთის მფლობელის ბიძაშვილი იყო. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ზარიდან რამდენიმე დღეში, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, სენეგალელს 1-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა. რეალურად, მას პროფესიონალურ დონეზე თამაშის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია.

დღემდე უცნობია, ვინ დაურეკა სუნესს, ვარაუდობენ, რომ ზარის ავტორი თავად დია იყო. დიასა და საუთჰემპტონის თანამშრომლობა სულ რაღაც 2 კვირაში შეწყდა, თუმცა ანაზღაურების სახით 2 000 ფუნტი მიიღო.

2015 წელს Bleacher Report-მა დაწერა, რომ დიამ მსგავსი ხრიკი შემდეგშიც არაერთხელ გამოიყენა და ყველა შემთხვევაში გუნდები ცუდი თამაშის გამო, მალევე დატოვა.

სხვა სტატიები