"დედა, ეს ყველაფერი შენთვისაა" - პაჩოს ემოციური წერილი გარდაცვლილ დედას
პარი სენ-ჟერმენის ეკვადორელი ვარსკვლავი, ვილიან პაჩო ბრწყინვალე ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის 2-გზის ტრიუმფატორიცაა, თუმცა პაჩოს ცხოვრება და კარიერა, შესაძლოა სულ სხვა მიმართულებით განვითარებულიყო.
გემის კაპიტანი, დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამო სუიციდი, დანგრეული კარიერა, ან სულაც პატარა ბიჭი, რომელიც ოჯახს ღორების გაზრდით არჩენდა. ავტორიტეტული გამოცემა THE PLAYERS' TRIBUNE ვილიან პაჩოს ვრცელ, ემოციურ წერილს აქვეყნებს...
ვუყურებდი, როგორ ცეკვავდა დედაჩემი ბაჩატას ჩვენი მისაღები ოთახის შუაგულში.
ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი.
მისი სითბო. ჩვენი სახლის სითბო.
სწორედ ამაზე ვფიქრობ, როცა სიზმრებში ისევ სახლში დაბრუნება მინდა.
დედაჩემი ყოველთვის უსმენდა ავენტურას. ვფიქრობ, ეს მამაჩემთან განშორების ტკივილის გამო იყო. ის მაშინ წავიდა, როცა მე დავიბადე. ყოველ საღამოს, მთელი დღის დაუღალავი მუშაობის შემდეგ, დედა სახლში ბრუნდებოდა და თავის მუსიკას რთავდა.
ალბათ, რვა წლის ვიყავი. ერთადერთი, რაც მინდოდა, მასთან ცეკვა იყო. ეს ჩემს მისიად მქონდა ქცეული.
სამწუხაროდ, საშინლად ცუდად ვცეკვავდი. თვეების განმავლობაში დაბლა, მის ფეხებს ვუყურებდი და ვცდილობდი, მისი მოძრაობები გამემეორებინა.
ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი.
მის სახეს არასდროს ვუყურებდი. მხოლოდ ფეხებს. ვცდილობდი, რიტმს არ ჩამოვრჩენოდი.
ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი.
ჯანდაბა.
ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი.
არ ვიცი, რამდენი ხანი დამჭირდა. შეიძლება, ერთი წელი. მაგრამ ერთ დღესაც ბოლოს გავიგონე, როგორ მითხრა:
„აი, ასე! უილიან, გამოგივიდა! გამოგივიდა!“
თავი ავწიე და დავინახე, როგორ იღიმოდა მთელი სახით.
ღმერთო, რა მოგონებაა.
ალბათ, სწორედ ასე ვისწავლე ფეხების გამოყენება.
არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა „ფეხბურთელი“. უბრალოდ ვთამაშობდი. იმ დროს ეკვადორში ვერ გაბედავდი გეფიქრა, რომ ოდესმე ვინმე ფულს გადაგიხდიდა ამისთვის. სინამდვილეში, ჩემი ოცნება საზღვაო ოფიცრობა იყო. ჩემი ნათლიის ქმარი ერთ დღეს სუფთა, თეთრ ფორმაში გამოწყობილი მოვიდა და ამ ფორმამ მომაჯადოვა.
„გემზე მუშაობაში ფულს გიხდიან? და ასეთ მაგარ ფორმასაც გაძლევენ? გთხოვ, წამიყვანე შენთან!!“
ფორმები ყოველთვის მიყვარდა. და ყოველთვის მინდოდა, ვიღაც მნიშვნელოვანი ვყოფილიყავი.
ერთ დღეს ვიღაცას უნდოდა, უბნის კლუბში ჩავეწერე და დედაჩემმა თქვა:
„ფეხბურთი? ეს უბრალოდ ჰობია. როგორ უნდა გამოკვებო ოჯახი ფეხბურთით?“
არ მგონია, დედა ოდესმე ბოლომდე შეეგუა ამას. მისთვის ფეხბურთი უბრალოდ ის იყო, რასაც სკოლის შემდეგ ვაკეთებდი.
მაგრამ ყოველთვის მხარს მიჭერდა.
დილაობით ჩემი დის სკოლის გვერდით პატარა საკვების ჯიხურში მუშაობდა. ძალიან მიხაროდა, როცა დღის ბოლოს სახლში დარჩენილი ემპანადები მოჰქონდა. ჭკუიდან გადავდიოდი მათზე. საღამოობით კი დამატებით ფულს სამეზობლოში ზოგიერთი ადამიანისთვის ტანსაცმლის რეცხვით შოულობდა. სარეცხი მანქანები არ გვქონდა. მხოლოდ მისი ხელები და ერთი სათლი.
და მერე იყვნენ ღორები.
ჩვენ კვინინდესთან, მთის პირას ვცხოვრობდით, ამიტომ უკანა ეზოში პატარა მეურნეობა გვქონდა. ცოტა „იმპროვიზებული“ მეურნეობა იყო, თუ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.
როცა რთული პერიოდი გვქონდა, გამხდარი ქათმები გვყავდა.
როცა უკეთესი დრო იყო — ღორები.
ვფიქრობ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ამაზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ დედაჩემი ძალიან მომხიბვლელი ქალი იყო. ყველას უყვარდა. ყოველ შობას მათთვის ღორის ხორცის კარგი ნაჭერი იყო მზად, ამიტომ ისინი თვალს ხუჭავდნენ.
და რას ჭამენ ღორები?
ნარჩენებს. საჭმლის ნარჩენებს.
ბინძური საქმეა.
ჰოდა, გამოიცანით, ვის ევალებოდა ღორების გამოკვება?
„ვილიან! აჰორიტაააააააააა!!!!!!!“
მე კი ქუჩაში ფეხბურთს ვთამაშობდი და თავს ვიკატუნებდი, თითქოს არ მესმოდა.
„ვილიან! აჰორიტაააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!“
ძალიან ვცდიდი მოთმინების ზღვარს. ბურთთან გატარებული კიდევ ერთი წუთი ჩემთვის ძვირფასი იყო.
„დედა, მოვდივარ! მოვდივარ!“
იცით, დედებს ხომ აქვთ თავიანთი განსაკუთრებული ფრაზა, რომელსაც ამბობენ და მაშინვე ხვდები, რომ საქმე სერიოზულადაა?
ის ამბობდა:
„ახლავე ნიშნავს ახლავე!!!“
ეს იყო სიგნალი, რომ ნამდვილად უნდა წავსულიყავი.
ყველა მეზობლის კარზე ვაკაკუნებდი და ისინი ნაგვის ურნებით გამოდიოდნენ. იდაყვებამდე ბრინჯში მქონდა ხელები ჩაყოფილი და ძვლებს ვარჩევდი. საშინელი სუნი იდგა. განსაკუთრებით ზაფხულში.
რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო უხერხული ხდებოდა ეს, რადგან სხვა ბავშვების დაცინვას ვისმენდი. უფროსები შეიძლება კიდევ უფრო სასტიკები ყოფილიყვნენ. ზოგიერთის სახეზე პატარა ირონიასაც კი ვხედავდი.
ასეთი რამ შენზე კვალს ტოვებს.
ყოველ დეკემბერს, როცა ღორები კარგად გასუქდებოდნენ, ვკლავდით და მათგან შემწვარ ხორცს ვამზადებდით. შემდეგ სამეზობლოში ყველას ვურიგებდით.
იმათაც კი, ვინც კარს გვიხურავდა.
მახსოვს, დედაჩემს ვკითხე:
„როგორ შეგიძლია იმ ადამიანებს მისცე, რომლებიც ჩვენს დახმარებასაც კი არ ცდილობდნენ, როცა ჩვენ თემის გამოკვებას ვცდილობდით?“
მან კი მითხრა:
„ნუ მიაქცევ ყურადღებას. ყველას კარგი ნაჭერი შეხვდეს.“
მე ამ ულამაზეს ღორის ხორცით იმ ადამიანებთან მივდიოდი, ვინც სახეში დამცინოდა.
„გილოცავთ შობას, პაჩოების ოჯახისგან.“
დედაჩემს მსოფლიოში ყველაზე დიდი გული ჰქონდა.
მაგრამ ვფიქრობ, ამ ყველაფრით უფრო ღრმა გაკვეთილს მასწავლიდა, იცით?
ჩვენ ნარჩენებს ნადიმად ვაქცევდით.
ეს მთელი ცხოვრება თან დამქონდა.
თხუთმეტი წლის რომ გავხდი, ფეხბურთმა სახლიდან წამიყვანა. სახლიდან რამდენიმე საათის სავალზე, „ინდეპენდიენტე დელ ვალეს“ აკადემიაში წავედი საცხოვრებლად.
მახსოვს, დედაჩემი ვერ იჯერებდა, რომ ვიღაც მოზარდს მხოლოდ იმიტომ მისცემდა საწოლსა და საჭმელს, რომ ფეხბურთის თამაში კარგად შეეძლო.
თავიდან ძალიან მარტო ვიყავი.
მაგრამ იქ გავიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი, მოიზესი. ის ჩემი ოთახის მეზობელი იყო საერთო საცხოვრებელში. როცა ცოტათი გავიზარდეთ, ერთად ვიქირავეთ ბინა და ხარჯებს ვინაწილებდით.
გვქონდა ასეთი რუტინა — მოიზესი ამზადებდა საჭმელს, მე კი ჭურჭელს ვრეცხავდი. მეორე დღეს პირიქით ვიქცეოდით.
უბრალოდ ორი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავით, რომლებიც ცდილობდნენ, ცხოვრებაში რაღაცისთვის მიეღწიათ, იცით?
რა თქმა უნდა, ჩემი ოთახის მეზობელი უბრალოდ რომელიმე მოიზესი არ ყოფილა.
ის მოიზეს კაისედო იყო.
იფიქრეთ ამაზე — ორი ბიჭი, რომლებიც ჭურჭელს რეცხავდნენ, ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდნენ...
არა, შეუძლებელი იყო.
არასდროს დამავიწყდება, როცა მოიზესი პირველ გუნდში გამოიძახეს და ცოტაოდენი ფულის გამომუშავება დაიწყო. მან იყიდა Hyundai Sonata.
სარბოლო წითელი.
ჩვენთვის ეს იგივე იყო, რაც Ferrari-ის ყიდვა.
მის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამან იმედი მომცა, რომ მეც შევძლებდი.
Sonata-ებს უკვე სიზმარშიც კი ვხედავდი.
ყველაფერი კარგად იყო. აღარ ვიყავი მარტო. პირველ გუნდთან სულ უფრო ახლოს ვიყავი.
და შემდეგ ჩემი სამყარო შეიცვალა.
ერთ დღეს სახლიდან დამირეკეს. ერთ-ერთი ჩემი და იყო. მითხრა, რომ დედაჩემს „ის რაღაც“ მოაშორეს.
ხედავთ, მას ყოველთვის ჰქონდა პატარა კვანძი იღლიის ქვეშ და ექიმები ფიქრობდნენ, რომ კეთილთვისებიანი იყო.
მაგრამ შემდეგ კვანძმა შეაწუხა და როცა ამოიღეს...
პრობლემა აღმოჩნდა.
თავიდან ბევრი არაფერი მესმოდა. მხოლოდ სიტყვა „კიბო“ გავიგე და ძალიან შემეშინდა, მაგრამ დედამ მითხრა, რომ არ მენერვიულა.
ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ.
„ჩემ გამო სახლში ნუ დაბრუნდები,“ მეუბნებოდა. „შენ ფეხბურთით ხარ დაკავებული.“
ყოველ ჯერზე, როცა ვურეკავდი, მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. არასდროს უნდოდა, რომ მენერვიულა.
2019 წელს, გარკვეული შესვენება გვქონდა და ავტობუსით კვინინდეში წავედი.
სახლში რომ შევედი, მაშინვე მივხვდი, რომ დედა სიმართლეს მიმალავდა.
დედაჩემი ყოველთვის უფრო მსხვილი ქალი იყო. მას „წონა“ ჰქონდა. თავისი პიროვნებით მთელ ოთახს ავსებდა, გესმით?
ცხოვრების ძალა იყო.
ცეკვა, სიმღერა, ყვირილი, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, სიცილი...
მაგრამ ამჯერად რომ დავინახე, ძალიან გამხდარი იყო.
მითხრა:
„ნუ ნერვიულობ, კარგად ვარ.“
თავი შევიკავე, რომ არ მეტირა.
იმ ღამეს მთხოვა, წამლებში დავხმარებოდი. მაისური გაიხადა და დავინახე, რომ ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.
ზურგზე სადრენაჟე მილი ჰქონდა.
მარცხენა მკერდი ამოკვეთილი ჰქონდა.
კანი დამწვარი და ნაწიბურებით დაფარული იყო.
მთელი ძალით მომიწია თავის შეკავება, რომ ცრემლები არ დამენახვებინა.
ვკითხე:
„დედა, გტკივა?“
„კარგად ვარ, კარგად ვარ.“
იმ ღამეს მის გვერდით, ერთ საწოლში დავიძინე, როგორც ბავშვობაში.
როცა ჩაეძინა, მთელი ღამე ჩუმად ვტიროდი, რომ არ ენერვიულა.
რამდენიმე დღის შემდეგ აკადემიაში უნდა დავბრუნებულიყავი და მუცელში ისეთი ძლიერი შიში მქონდა, თითქოს რაღაც საშინელებას ვგრძნობდი.
ფოტოებს არასდროს ვიღებ. არ ვიცი რატომ, უბრალოდ არ მიყვარს.
ამიტომ ტელეფონში დედაჩემთან ბევრი ფოტო არ მაქვს. მხოლოდ ისეთ დღეებში ვიღებდით ფოტოებს, როგორიც დაბადების დღე იყო.
ჩანთას რომ ვალაგებდი, გავიფიქრე:
უნდა გადავიღოთ ფოტო ერთად.
მაგრამ რატომღაც ვერ გავბედე.
ალბათ, ჩემი თავი ასე ვარწმუნებდი:
„არა, მას კიდევ ნახავ. უნდა ნახო. როცა სახლში დაბრუნდები, ის ბევრად უკეთ იქნება და იმდენ ფოტოს გადაიღებ, რამდენიც მოგინდება.“
აკადემიაში დასაბრუნებლად რვასაათიანი ავტობუსით მგზავრობა მელოდა, მთების გავლით.
მთელი გზა ვფიქრობდი:
ახლა ვერ დაკარგავ. ჯერ კიდევ უნდა უყიდო ლამაზი სახლი. დიდი სახლი, ბევრი სივრცით, სადაც კვირაობით დაალაგებს სახლს, ჩართავს მარკო ანტონიო სოლისს და სამზარეულოში მოპით იცეკვებს.
ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს ერთად გასაკეთებელი.
ვტიროდი მანამ, სანამ ფილტვები მტკიოდა.
ფოტოებს არასდროს ვიღებ. არ ვიცი რატომ, უბრალოდ არ მიყვარს. ამიტომ ტელეფონში დედაჩემთან ბევრი ფოტო არ მაქვს. მხოლოდ ისეთ დღეებში ვიღებდით ფოტოებს, როგორიც დაბადების დღე იყო.
რამდენიმე თვის შემდეგ მწვრთნელმა მითხრა, რომ პირველ გუნდში დებიუტი მექნებოდა.
მაშინვე დედას დავურეკე, რომ ეს ამბავი მეთქვა, მაგრამ არ მიპასუხა.
ეს ჩვეულებრივი იყო. ტელეფონი თითქმის არასდროს ჰქონდა თან.
წინა დღეს ველაპარაკე და ძალიან დაღლილი იყო.
მას ყოველთვის ძალიან უყვარდა, როცა კარგად გამოიყურებოდა.
იმ დღეს კი მითხრა:
„უბრალოდ დღეს თავს უშნოდ ვგრძნობ.“
გული გამისკდა.
„დედა, შესანიშნავად გამოიყურები. ნუ სულელობ. უბრალოდ დაისვენე.“
აღარ დამირეკავს.
ამიტომ მივწერე:
„ხვალ ძალიან ადრე არ დაწვე! დებიუტი მაქვს. თამაში აუცილებლად უნდა ნახო!“
ისეთი ნერვიული ვიყავი, რომ ვერ ვიძინებდი. ზეწრები ოფლით მქონდა გაჟღენთილი.
მხოლოდ იმ ორ თავდამსხმელზე ვფიქრობდი, რომლებსაც უნდა შევხვედროდი და რომლებიც კარგ ფორმაში იყვნენ.
ბოლოს, მზის ამოსვლისას ცოტა ხნით ჩამეძინა.
შემდეგ გავიღვიძე და უამრავი წერილი და ხმოვანი შეტყობინება დამხვდა ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან.
ძალიან ბევრი.
იცით, ის შეგრძნება?
მაშინვე ხვდები, რომ რაღაც ცუდი მოხდა.
შეტყობინებებს ვკითხულობდი და ყველაფერი ბუნდოვანი იყო.
შეტყობინებებს ვკითხულობდი და ყველაფერი ბუნდოვანი იყო.
ხალხი დედაჩემზე ლაპარაკობდა, იმაზე, თუ რამდენად უყვარდათ იგი.
სამძიმარს მეუბნებოდნენ.
ჩემთვის ლოცულობდნენ.
პანიკაში ჩემს დას დავურეკე.
„დედა?! დედა?! რა მოხდა?!“
მითხრა:
„რა? ნუ გაგიჟდი. უბრალოდ ჭორია. კარგად არის. იცი, ამ სოფელში როგორები არიან. წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა ხდება. სასწრაფო მანქანამ საავადმყოფოდან სახლში წაიყვანა და ეს დაინახეს. ისვენებს. ნუ ნერვიულობ. თამაშის შემდეგ დაგვირეკე.“
ისეთი დამაჯერებელი იყო, რომ სრულიად დავუჯერე.
წავედი თამაშზე და მოედანზე გასვლამდე ბოლო ფიქრი ასეთი მქონდა:
დედა ტელევიზორში გიყურებს. მისთვის ყოველი ბურთისთვის უნდა იბრძოლო.
მახსოვს, ძალიან კარგად ვითამაშე.
კარი მშრალად შევინახეთ.
ვერ ვითმენდი, როდის შევძლებდი მასთან FaceTime-ზე დარეკვას.
მოედნიდან რომ გამოვდიოდი, მწვრთნელმა ხელი მკლავში ჩამავლო და გასახდელის გვერდით პატარა ოთახში შემიყვანა, სადაც გუნდის ფსიქოლოგიც იყო.
ვიფიქრე, რომ ჩემს მისალოცად მიმიყვანეს და მეტყოდნენ, თავმდაბლობა შეინარჩუნეო.
კარი რომ გააღეს, მამაჩემი და ჩემი სიძე დამხვდნენ.
რა ხდება?!
მითხრეს, რომ დედაჩემი აღარ იყო.
იმ დილით გარდაიცვალა.
მთელი დღე ყველამ იცოდა.
მწვრთნელმა, ოჯახმა...
მხოლოდ ჩემგან მალავდნენ, რათა ჩემი ოცნება შემესრულებინა.
ფიქრობდნენ, რომ სწორედ ეს ენდომებოდა დედაჩემს.
ისეთი ტკივილით დავიყვირე, როგორიც ცხოვრებაში არასდროს განმიცდია.
არასდროს მიგრძნია თავი ასე მარტო.
რატომ წაიყვანეს ჩემგან ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა? ერთადერთი ადამიანი, ვისაც ნამდვილად ვენდობოდი. ჩემი ყველაფრის მიზეზი. რატომ ის? რატომ, რატომ, რატომ, რატომ?
უბრალოდ... რატომ?
მითხრეს, წავსულიყავი და გამოვცვლილიყავი, მაგრამ ვუთხარი:
„არა, ახლა წამიყვანეთ მასთან.“
დასვრილ ფორმაში დავრჩი და სახლში დავბრუნდით, ანდების კორდილიერას გავლით.
თუ არასდროს ყოფილხართ ეკვადორში, ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ღამით მთის გზებზე მგზავრობა.
თითქოს ბნელში ატრაქციონზე ზიხარ.
დამცავი ზოლები არ არის.
როცა მოსაშარდად უნდა გაჩერდე, ფაქტობრივად, სამყაროს კიდეზე შარდავ.
მახსოვს, ძალიან ხშირად მიწევდა გაჩერება.
თითქოს ყოველ ოცდაათ წამში ერთხელ.
„ბოდიში, გააჩერე მანქანა.“
თამაშის დროს კრუნჩხვის მეშინოდა და ამიტომ ძალიან ბევრი წყალი დავლიე.
პირველად რომ გავჩერდით, კლდის კიდესთან მივედი და საკუთარ თავს ვუმეორებდი:
„ეს სიზმარი უნდა იყოს. ის ნამდვილად ვერ წავიდა.“
მეორედ რომ გავჩერდით, კიდეს გავხედე და იქ ყველაფერი სრულიად შავი იყო.
უბრალოდ უფსკრული.
და ძალიან ბნელი აზრი გამიჩნდა.
„...ახლა რომ რამე გავაკეთო?“
არა. მოდი, დაწყნარდი.
„ახლა რომ უბრალოდ გადავდგა ნაბიჯი? ეს ყველაფერი გაქრება.“
არა. ნუ სულელობ.
„მაგრამ მის გარეშე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება? შემიძლია მასთან წავიდე. ასე მარტივი იქნება. მხოლოდ ერთი ნაბიჯი.“
მეოთხედ რომ გავჩერდით, კიდესთან უფრო ახლოს მივედი.
იმდენად მტკიოდა, რომ ტირილიც კი აღარ შემეძლო.
მახსოვს, ქვემოთ, უფსკრულში ვიყურებოდი და მხოლოდ ამას ვფიქრობდი:
დედა, შენ გარეშე აქ ყოფნა არ მინდა.
ბოლოს ჩემი სიძე და მამაჩემი მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
არაფერი უთქვამთ, მაგრამ ამის შემდეგ ყოველ გაჩერებაზე ისინი ჩემთან ერთად მოდიოდნენ და ხელს მაგრად მკიდებდნენ.
ღმერთს მადლობას ვუხდი მათთვის.
არ ვიცი, მართლა გადავხტებოდი თუ არა...
მაგრამ თვითონ ეს აზრი დღესაც მაშინებს.
ვიცი, რომ ფეხბურთელის კარიერას ბევრი რამ შეიძლება დავაკლო იმით, რომ ამ ისტორიას ვყვები, მაგრამ ამას ყველა იმ ბავშვისთვის ვაკეთებ, ვინც პატარა ასაკში მშობელი დაკარგა.
ეს არის ჭრილობა, რომლის გაგებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.
ჭრილობა, რომელიც არასდროს ხორცდება.
სახლში დილით ადრე ჩავედით.
ჩვენი სახლი ჩიხის ბოლოში იყო და ქუჩა მანქანებით იყო სავსე — ხალხი მთელი ქვეყნიდან მოდიოდა მის დასამშვიდობებლად.
იმდენი მანქანა იყო, რომ შორს მოგვიწია გაჩერება.
მანქანიდან გადმოვედი და ჩვენს ქუჩაზე ფეხით გავუყევი, ისევ იმავე ფორმაში.
ყველა სახლიდან გამოდიოდა ხალხი ჩემს ჩასახუტებლად.
ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყვნენ.
რაც უფრო მეტ ადამიანს ვხედავდი და რაც უფრო ვუახლოვდებოდი სახლს, მით უფრო მძიმედ მხვდებოდა გულზე.
არ მინდოდა სახლამდე მისვლა, რადგან სახლში მისვლა ნიშნავდა, რომ ყველაფერი ნამდვილად მოხდა.
მახსოვს, ვფიქრობდი:
დედა ყოველდღე დადიოდა ამ ქუჩებზე.
აქ დადიოდა ახალგაზრდა ქალი, შემდეგ დედა გახდა და ბოლოს აქ გაიარა ღმერთთან, სახლში დასაბრუნებელ გზაზე.
სახლში რომ შევედით და სახლის სუნი ვიგრძენი, ტირილიც კი აღარ შემეძლო.
ძლივს ვსუნთქავდი.
ყელში თითქოს კვანძი გამჩენოდა.
მხოლოდ ხველა შემეძლო.
დედაჩემის საწოლში დავწექი და ყველა მოგონება ერთბაშად დაბრუნდა.
მოგონებები ტალღებივით გადმოგივლის.
სუფთა ტანსაცმელი.
ცხელი საჭმელი.
სასკოლო წიგნები.
Venus-ის ფეხბურთის ბუცები.
ის ყოველთვის ყველაფერს მაძლევდა.
ყოველთვის ცდილობდა, საუკეთესო მოეცა ჩემთვის, რაც შეეძლო.
მის გარეშე ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა.
ერთი კვირა მისი ოთახიდან არ გამოვსულვარ.
როცა ბოლოს მისი ოთახიდან გამოვედი, როგორც კაცი, სრულიად შეცვლილი ვიყავი.
ვცადე ჩვენი გუნდის ფსიქოლოგთან საუბარი, მაგრამ უცხო ადამიანისთვის ვერ ვხსნიდი, რას ვგრძნობდი.
უფრო ადვილია მის შესახებ წერა, უბრალოდ ჩემთვის, როგორც ახლა ვაკეთებ.
ერთადერთი თერაპია, რომელმაც ჩემზე იმუშავა, დრო და ფეხბურთი იყო.
მისი გარდაცვალების შემდეგ უცნაური რამ მოხდა.
ფეხბურთის მოედანზე მთელი შიში დავკარგე.
მანამდე მშვიდი მოთამაშე ვიყავი.
კონტაქტი არ მიყვარდა.
არ მქონდა ის ინსტინქტი, რომ „სამყარო შემეჭამა“.
როცა ის გარდაიცვალა, მთლიანად მომიცვა რაბიამ, იმპოტენციამ, დელორმა — ბრაზმა, უსუსურობამ და მწუხარებამ.
პირველ თამაშში დაბრუნებისას, პირველივე ეპიზოდში — ბახ! — ყვითელი ბარათი. ხუთი წუთის შემდეგ — ბახ! — წითელი ბარათი.
სახლში დავბრუნდი და საერთოდ აღარ მინდოდა ფეხბურთის თამაში.
რაღაცნაირად ეს ყველაფერი ჩემგან უნდა გამომეშვა.
ამიტომ ჩემი თავი მოედანზე „დავღვარე“.
მახსოვს, ვფიქრობდი:
როცა დედას სიცოცხლის ბოლო წუთები ჰქონდა, შენ საწოლში იწექი და ფეხბურთის თამაშზე ნერვიულობდი.
რა აბსურდია — თამაშზე ნერვიულობა.
ამან ყველაფერი სხვა თვალით დამანახა.
შიშით თამაშის ნაცვლად, შიმშილით ვითამაშე.
სამყარო შევჭამე.
ფეხბურთში ასეთი დაუნდობლობა გჭირდება.
ნეტავ ასე არ იყოს, მაგრამ ასეა.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში „ინდეპენდიენტეში“ ჩემი თამაში სრულიად სხვა დონეზე ავიყვანე.
2021 წელს გავიგე, რომ „ბორუსია მიონხენგლადბახს“ ჩემი შეძენა სურდა.
სიმართლე რომ გითხრათ, წარმოდგენაც არ მქონდა, სად იყო ეს ადგილი.
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბუნდესლიგაში თამაშობდა და ვთქვი:
„მზად ვარ. როდის არის ფრენა?“
გარიგების დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდებოდა, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, რომ საქმე უკვე გადაწყვეტილი იყო.
სადღესასწაულოდ მანქანის სადილეროში წავედი.
მინდოდა, მოიზესივით მაგარი მანქანა მეყიდა.
ის არ უნდა ყოფილიყო ერთადერთი ფეხბურთელი ქალაქში.
Kia Sport-ს ვიყიდიდი!
ფოტოც კი გადავიღე მის გვერდით.
შემდეგ უცნაური რამ მოხდა.
ვიღაც კაცი მოვიდა და მითხრა:
„მანქანებს უყურებ? მე უძრავი ქონების აგენტი ვარ. სახლზე რას იტყვი?“
იმ წამს დედაჩემზე და იმ სახლზე ვფიქრობდი, რომლის ყიდვაც მისთვის ყოველთვის მინდოდა.
ღვთისგან გამოგზავნილ შეტყობინებას ჰგავდა.
სახლების ფოტოები მაჩვენა და ერთ-ერთს ულამაზესი აივანი ჰქონდა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ აივნები მიყვარს.
როცა პატარა და ვიწრო სახლში იზრდები, აივანი რაღაც განსაკუთრებულია.
ვუთხარი:
„ეს მინდა.“
დედაჩემისთვის სახლის ყიდვა ვერ მოვასწარი, მაგრამ ჩემი და-ძმებისთვის შემეძლო მეყიდა.
ეს მას ძალიან გაახარებდა.
ვუთხარი მათ:
„გერმანიაში მივდივარ, მაგრამ ამ საჩუქარს თქვენ გიტოვებთ. დედა ყოველთვის ამბობდა, რომ ფეხბურთით სახურავს ვერ დაიდგამ თავზე.
მაგრამ ახლა ჩვენ ამას ვუყურებთ.“
ჩემი და-ძმები სახლში რომ გადავიდნენ, ალბათ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი კვირა იყო.
აივანზე უბრალოდ ვიდექი, სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი და ვთქვი:
„ჩვენ კარგად ვართ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ კარგად ვართ.“
ყველამ ერთად ფოტო გადავიღეთ.
ტოპ.
მათ საშუალება მოგვცეს, სრული თანხა მაშინვე არ გადაგვეხადა.
როცა გერმანელები ამბობენ, რომ გარიგება დასრულებულია, ის ნამდვილად დასრულებულია.
………..
შემდეგ კი ყველაფერი ჯოჯოხეთად იქცა.
ჩემმა აგენტმა „ბორუსია მიონხენგლადბახიდან“ ზარი მიიღო.
გარიგება გაუქმდა.
მათ მხარეს ფინანსური პრობლემა იყო და დროულად ვერ შეძლეს ტრანსფერის დასრულება.
ეს დამამცირებელი იყო.
სახლზე თანხის 50% ჯერ კიდევ გადასახდელი მქონდა.
დანარჩენის დაფარვას ახალი კონტრაქტით ვაპირებდი.
კლუბიდან დიდი დამშვიდობება მქონდა, ტელევიზიითაც გადაიცა და ყველაფერი.
მათ უკვე შემცვლელი ცენტრალური მცველიც კი შეეძინათ.
როცა ვარჯიშზე დავბრუნდი, ზოგიერთი თანაგუნდელი დამცინოდა კიდეც.
„აჰა, ბუნდესლიგის ვარსკვლავიც მოვიდა.“
სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი მწვრთნელის გარეშე ჩემი ცხოვრება შეიძლება სულ სხვანაირად წარმართულიყო.
ის საოცარი ადამიანია.
ჩემთვის მამასავით იყო.
შეეძლო, გუნდიდან გავეშვი.
მაგრამ მითხრა:
„ნუ ნერვიულობ. შენი ადგილი ისევ აქ არის.“
ყველაფერი კარგად იყო?
არა.
ტალახში კიდევ უფრო ღრმად ჩავიძირე.
გარიგების ჩაშლის შემდეგ მეორე თამაშში ორივე მხარი ამომივარდა.
სინამდვილეში, ერთი ბავშვობიდან მქონდა ამოვარდნილი.
უბრალოდ, ისე ვისწავლე, რომ თვითონვე დამებრუნებინა ადგილზე.
იმ დღეს ორივე ერთდროულად ამომივარდა.
ექიმმა მითხრა, რომ თითოეული მხრის ოპერაცია ცალ-ცალკე უნდა გაკეთებულიყო.
სრულად გამოჯანმრთელებას ერთი წელი დასჭირდებოდა.
ვუთხარი:
„ექიმო, ვერ დაველოდები. ორივეს ახლა რატომ ვერ გამიკეთებთ?“
მითხრა:
„იმიტომ, რომ რამდენიმე თვე ორივე ხელს ვერ გამოიყენებ. საკუთარ თავსაც კი ვერ დაიბან.“
ვუთხარი:
„ორივე გავიკეთოთ.“
ასეც გავაკეთეთ.
და ახალშობილივით გავხდი.
ჭამაში უნდა დავხმარებოდნენ.
შხაპის მიღებაში.
საკუთარი თავის მოვლაც კი არ შემეძლო.
ჩემი და ნამდვილი გმირი იყო.
თვეების განმავლობაში ჩემი ექთანი გახდა.
თუ ცხვირზე ბუზი დამაჯდებოდა, მის დასაფრთხობადაც კი უნდა დამეძახა.
სრულიად უმწეო ვიყავი.
და ბოლოს, ჩემს ყველაზე დაბალ წერტილში, ღმერთმა გამიღიმა.
„როიალ ანტვერპენმა“ შემიძინა.
სინამდვილეში, ჯერ კიდევ ვერ ვვარჯიშობდი, როცა უკვე შემიძინეს.
მათ ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
მათ შანსი მისცეს გატეხილ ადამიანს.
მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი იყო.
ბელგიაში ჯერ კიდევ სახვევებში გახვეული წავედი.
არც ინგლისურად ვლაპარაკობდი, არც ფრანგულად.
მარტო ვვარჯიშობდი და არავინ მელაპარაკებოდა.
ერთადერთი, ვისაც მომენტალურად დავუახლოვდი, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იყო, რომელსაც ესპანური ენა ესმოდა.
ის ჩემი ერთადერთი მეგობარი გახდა.
მახსოვს, მოიზესს მივწერე:
„ახლა ყველაფერს ვხვდები, რასაც შენ გადიოდი, როცა ინგლისში წახვედი.
გახსოვს, ყოველ ღამე რომ მირეკავდი და ტიროდი?
ახლა მე ვარ ის, ვინც ტირის, ძმაო.“
ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ვერ გაიგონებდით ადრე ამდენ ეკვადორელზე ევროპაში.
მარტოობა და იზოლაცია ძალიან რეალურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თანაგუნდელები ესპანურად არ ლაპარაკობენ.
ადვილად შემეძლო ხელი ჩამექნია ყველაფერზე და სახლში დავბრუნებულიყავი.
მაგრამ საკუთარ თავს სულ ამას ვუმეორებდი:
„ამ დეპრესიას ვერ მისცემ უფლებას, გაგიმარჯვოს.
დედისთვის გააკეთე.
მას არ მოუნდებოდა, რომ ტიროდე.“
ის არასდროს გამოხატავდა ემოციებს ჩემს წინაშე.
მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემმა დებმა მითხრეს:
„იცი, როცა ფეხბურთში წინ მიიწევდი, დედა შენს წარმატებას რომ უყურებდა, ყოველთვის ტიროდა.
შენს წინაშე არასდროს აჩვენებდა, მაგრამ შენით ძალიან ამაყობდა.“
იმ სეზონში ბელგიის ჩემპიონატი მოვიგეთ.
კლუბისთვის ეს 66 წლის განმავლობაში პირველი ტიტული იყო.
მე კი იზოლაციიდან სასტარტო თერთმეტეულამდე ვიბრძოლე.
ტკივილის ცრემლები სიხარულის ცრემლებად ვაქციე.
ჰეი, დედა, რას ვაკეთებდით ყოველთვის?
მოგვეცი ნარჩენები და ჩვენ მათ ნადიმად ვაქცევთ.
როცა „აინტრახტში“ გამყიდეს, ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა.
მაგრამ არ ველოდი, ყველაფერი ასე სწრაფად თუ მოხდებოდა.
იქ ერთი კარგი სეზონის შემდეგ ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ პარი სენ-ჟერმენს ჩემთან შეხვედრა უნდოდა.
როცა PSG-ს გაიგონებ, არც კი ფიქრობ.
ტელეფონს იღებ და ფრენებს ეძებ.
„Ryanair-ითაც გავფრინდები. შემდეგი როდისაა?“
წავედით.
ლუის კამპოსმა მადრიდში საიდუმლო ვახშამზე მიმიწვია.
რესტორანი მიწისქვეშა იყო, ფილმებიდან რომ გეგონება.
ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ მითხრა:
„მოიცა, ვიღაცას შენთან დალაპარაკება უნდა.“
და ლუის ენრიკე FaceTime-ზე ჩართო.
ძალიან მაგარი იყო.
ლუის ენრიკეს თავისი მანერა აქვს.
აურა, ალბათ.
ჩემთვის ის ყველაფრის მთავარი გასაღებია, რასაც PSG-ში მივაღწიე.
ამას როგორც კაცი ვამბობ და არა როგორც ფეხბურთელი.
ის ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ როცა ლაპარაკობს, გრძნობ, რომ როგორც ადამიანს, ისე გიგებს.
ჩემთვის, ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე, ზუსტად ისეთი მწვრთნელი იყო, როგორიც მჭირდებოდა.
როცა გუნდში მომიყვანა, მითხრა:
„შენი ტემპით იარე. ნუ იგრძნობ, რომ რამე უნდა დაუმტკიცო ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენში ფული გადაიხადეს. ჯერ კიდევ უნდა განვითარდე.“
დრო რომ მომცა, წნეხი მომხსნა.
წნეხის მოხსნასთან ერთად კი აფეთქდა ჩემი თამაში.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე სწრაფად გავხდებოდი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ორ ტიტულს მოვიგებდი.
ვერასდროს წარმოვიდგენდი გულშემატკივრებისგან მიღებულ სიყვარულს.
თავიდან:
„51? ვინ არის 51?“
შემდეგ კი:
„პაჩო! პაჩო! პაჩო!“
არასდროს დამავიწყდება, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ინტერთან ჩემი და-ძმების FaceTime-ზე საუბარი.
მითხრეს:
„რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც გვეყვარები.
შენ მხოლოდ ის უნდა გააკეთო, რომ თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლო.
ნუ იფიქრებ იმაზე, რა იქნება შემდეგ.“
მატჩის მე-20 წუთზე ბურთი ჩვენი კარისკენ თავით გადავაგდე და ის კუთხურისთვის გადიოდა.
და ვთქვი:
„არა, ერთი ბურთიც კი არ უნდა დაკარგო. დაჰპირდი.“
ინტერის ფეხბურთელზე ისე ავხტი, თითქოს კუნგ-ფუს ფილმში ვიყავი.
ახლა ყველა იმ ფოტოს აქვეყნებს, რადგან ბურთი გადავარჩინე და ამან ჩვენი მეორე გოლის კონტრშეტევა დაიწყო.
ხალხი მეკითხება:
„ძმაო, იმ მომენტში რას ფიქრობდი?“
პასუხი არის:
არაფერს.
არ ვფიქრობდი.
უბრალოდ ვთამაშობდი შიშის გარეშე.
ახლა უკვე იცით ჩემი ისტორია და იცით, საიდან მოდის ეს.
ის მოდის ტკივილისა და მწუხარების ადგილიდან.
მაგრამ მე მეორე მხარეს გამოვედი.
სინათლეში.
როცა მატჩი დასრულდა და ჩემპიონები გავხდით, პირველი, რაც საკუთარ თავს ვუთხარი, იყო:
მადლობა, ღმერთო.
მადლობა, დედა.
ნეტავ ამას ხედავდე.
ეკვადორიდან პირველი ბიჭი რომ გავხდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს ჩემთვის განსაკუთრებულია.
ჩვენ არგენტინელები ან ბრაზილიელები არ ვართ, იცით?
ადრე არავინ გვიცნობდა.
რუკაზეც კი ვერ გვპოულობდნენ.
ახლა კი ისინი იწყებენ იმის გაგებას, თუ რა ხარისხი გვაქვს.
არა მხოლოდ მე.
მოიზესისნაირი ბიჭები.
პიეროსნაირები.
და, რა თქმა უნდა, ანტონიო ვალენსია, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის მაგალითი იყო.
ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს:
„რატომ ჩვენ?“
როგორ გამოვაღწიეთ?
როგორ აღმოვჩნდით ჩვენ ისინი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობენ, მაშინ როცა იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისაც ბავშვობაში ვიცნობდი, ვერასდროს მივიდა აქამდე?
პასუხი არ მაქვს.
მხოლოდ მადლიერება მაქვს იმ მწვრთნელების მიმართ, რომლებიც დამეხმარნენ.
და ჩემი ოჯახის მიმართ.
ყველაზე მეტად კი — დედაჩემის მიმართ.
ახლა კი მინდა, მას ველაპარაკო.
მხოლოდ მას...
დედა,
მადლობა, რომ ბაჩატას ცეკვა მასწავლე.
მადლობა, რომ ნარჩენების ფასი მასწავლე.
მადლობა, რომ ყველას ყოველთვის კარგ ნაჭერს აძლევდი.
მადლობა, რომ ამდენი წყვილი ბუცი მიყიდე.
მადლობა, რომ ფეხბურთზე საერთოდ არ ზრუნავდი.
მადლობა, რომ ჩემი დედა იყავი.
მე ვერ მოვასწარი შენთან ბოლო ფოტოს გადაღება.
მაგრამ გონებაში ბევრად უკეთესი სურათი მაქვს და მას ყოველდღე ვუბრუნდები.
მე ახალგაზრდა ვარ.
შენც ახალგაზრდა ხარ.
ჩვენ ერთად ვცეკვავთ.
ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი...
თავს ვწევ და შენ მიღიმი.
ბოლოს სწორად ვისწავლე.
ეს ფოტოზე უკეთესია.
ეს მოგონებაა.
ის მარადიულია.
შენი შვილი, ვილიანი.