დავითაშვილის საგოლე გადაცემების დუბლი | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?
ლიგა 1-ის 23-ე ტურში "სენტ-ეტიენმა" საკუთარ მოედანზე "ანჟე" მიიღო და შეხვედრა 3:3 დასრულდა. მატჩი ძალიან დაძაბული იყო და ხშირად შეიცვალა მოვლენები. სეზონში პირველად, ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის სათადარიგო სკამზე დარჩა.
სტუმრებმა შესანიშნავად დაიწყეს - ჰიმად აბდელიმ მე-7 და მე-17 წუთებზე დუბლი შეასრულა და ანჟე წინ 2-ბურთიანი უპირატესობით გავიდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიშის სხვაობა ირვინ კარდონამ შეამცირა.
ზურიკო თამაშში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩაერთო და მასპინძელთა ქამბექს დაუდო სათავე, ქართველმა ჯერ პიერ ეკვას გაატანინა, შემდეგ კი კარდონას შეასრულებინა დუბლი. სამწუხაროდ, მატჩის მესამე დამატებულ წუთზე, აბდელიმ ჰეთ-თრიკი პენალტის ნიშნულიდან შეასრულა და მატჩიც ფრედ დასრულდა.
დავითაშვილმა მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - sofascore-ს შეფასებით, ზურიკომ 8.1 ქულა დაიმსახურა, ხოლო whoscored-მა 7.8 დაუწერა.
სენტ-ეტიენი გასავარდნ ზონაშია, მომავალ ტურში კი "ნიცას"საკუთარ მოედანზე ეთამაშება.