Belive

დავიდ ალაბამ ვილიარეალის წინააღმდეგ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩში საკუთარ არენაზე "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. "სამეფო" კლუბი 25-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა დააწინაურა.

33-ე წუთზე დავიდ ალაბამ მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც "რეალის" მცველმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ოპერაციას უხლოეს დღეებში გაიკეთებს. 31 წლის ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია. არსებობს იმის საფრთხეც, რომ ავსტრიელმა ფეხბურთელმა შესაძლოა გამოტოვოს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი.

"რეალ მადრიდს" ამ დროისთვის ვერ ეხმარება რამდენიმე ფეხბურთელი: კამავინგა, კარვახალი, კურტუა, გიულერი, მილიტაო, ვინისიუსი და ახლა მათ რიგებს დავიდ ალაბაც შეუერთდა.

ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ საშობაო შესვენების შემდეგ გუნდს ვინისიუსი, კამავინგა და არდა გიულერი დაუბრუნდებიან. კარვახალი კი 22 დეკემბერს ალავესის წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაბრუნდება, განაცხადა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, მადრიდულმა კლუბმა ანგარიშის ორამდე გაზრდა 37-ე წუთზე როდრიგოს გოლის წყალობით მოახერხა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ტაიმის 54-ე წუთზე ხოსე ლუის მორალესმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ 64-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა უპირატესობა ისევ ორამდე გაზარდა, ხოლო ლუკა მოდრიჩმა მატჩში საბოლოო წერტილი 68-ე წუთზე დასვა და აღნიშნული შეხვედრა "რეალ მადრიდის" გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

სხვა სტატიები