დაუჯერებელი ამბავი იტალიაში | მატჩის ბედი 42-მა პენალტმა გადაწყვიტა!
იტალიის სერია D-ს თასის პირველ ეტაპზე ნამდვილი საფეხბურთო დრამა გაიმართა. კამპანიის რეგიონის ორ მოყვარულ გუნდს, სარნეზესა და ებოლიტანას შორის გამართული შეხვედრა ისტორიაში შევიდა - გამარჯვებულის გამოსავლენად გუნდებმა თერთმეტმეტრიანების ნიშნულიდან 42 დარტყმა შეასრულეს, რაც იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.
მატჩის ძირითადი დრო საკმაოდ მშვიდი და უგოლო იყო 78-ე წუთამდე, სანამ დ'ანჯელო ებოლიტანას დააწინაურებდა. თუმცა, სარნეზემ წონასწორობა 95-ე წუთზე, ფოჯას გოლით აღადგინა (1:1) და თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა. სწორედ აქედან დაიწყო ნამდვილი დრამა „სტადიო სკვიტიერიზე“, სადაც პენალტების სერია უსასრულო ეგონათ.
https://t.co/xanMY00iY3
— Tgr Rai Campania (@TgrRaiCampania) August 24, 2026
42 calci di rigore, 21 per squadra, solo 3 sbagliati. Sarnese-Ebolitana, una partita da record @TgrRai
პირველ 5 დარტყმაში თითოეული გუნდიდან თითო ფეხბურთელმა ააცილა, რის შემდეგაც მოედანზე მყოფი ყველა მოთამაშე, ორივე მეკარის ჩათვლით, ნამდვილ ცივსისხლიანად გარდაიქმნა. სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ორივე გუნდის სრულ შემადგენლობას პენალტის დარტყმა ორ-ორჯერ მოუწია. გარდატეხა 41-ე დარტყმაზე მოხდა, როდესაც სარნეზეს მეკარე - იულიანომ, მეტოქე მეკარე პუკას დარტყმული მოიგერია, ხოლო მომდევნო პენალტი თავდამსხმელმა ოდენდომ გაიტანა და სარნეზეს 21:20 გამარჯვება მოუტანა.
ფეხბურთის ისტორიას ახსოვს რამდენიმე 'გიჟური' პენალტების სერია - მაგალითად, 2020 წელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რიო ავესა და მილანს შორის შესრულებული 24 პენალტი, 2014 წლის იტალიის სუპერთასის ფინალში იუვენტუსსა და ნაპოლის შორის დარტყმული 18 თერთმეტმეტრიანი. თუმცა, აბსოლუტური რეკორდი სამხრეთ კორეას ეკუთვნის, სადაც იონგინ ტესუნგსა და ჩონჯუ დესუნგს შორის მატჩში 62 პენალტი დაირტყა.
ამ სიაშივეა 2016 წლის ჩეხეთის თასის მატჩი ბატოვსა და ფრისტაკს შორის (52 პენალტი, 25:24) და ნამიბიის თასის შეხვედრა კეი-კეი პალასსა და სივიკსს შორის (48 პენალტი). ასევე კარგად უნდა გვახსოვდეს საბერძნეთის 2009 წლის თასის ფინალიც, სადაც ოლიმპიაკოსმა აეკი 34-პენალტიან სერიაში დაამარცხა, გადამწყვეტი მე-17 დარტყმა კი ბერძენთა მეკარემ, ანტონის ნიკოპოლიდისმა გაიტანა.