Belive

დარვინ ნუნიესმა გერმანული კლუბი გაანადგურა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მას შემდეგ, რაც სადიო მანე "ბაიერნში" გადავიდა, "ლივერპულის" სამთავიანი დრაკონი დაიშალა, თუმცა, მერსისაიდელებმა მისი შემცვლელი მალევე მოძებნეს და გუნდში ურუგვაელი ფორვარდი დარვინ ნუნიესი დაიმატეს. 23 წლის ფეხბურთელს დიდ წნეხთან უწევს გამკლავება, რადგან სალაჰის, დიასის, ფირმინოსა და ჟოტას გვერდით თამაში რთულია. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ დარვინი გუნდში მანეს შემცვლელად მოვიდა, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თამასა საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ფორვარდმა, "ბენფიკას" რიგებში, 41 მატჩში 34 გოლი გაიტანა, გულშემატკივრებს მაინც ერთი კითხვა აწუხებდათ: შეძლებს ნუნიესი პრემიერ ლიგაშიც იგივე შედეგის დაფიქსირებას? მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მისი ვარჯიშებისა და "კრისტალ პალასთან" გამოუყენელი მომენტების ვიდეოები გავრცელდა, ფეხბურთელს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. გულშემატკივრების ნაწილი დასცინოდა კიდეც დარვინს და მის მოქმედებებს კურიოზულს უწოდებდა. დღეს "ლივერპულმა" "ლაიფციგის" წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 5:0 გაიმარჯვა. "რედ ბულ არენაზე" გამართული მატჩის საწყის წუთებზე, სალაჰმა ფირმინოს პასი გამოიყენა, ანგარიშიც გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დამთავრდა. იურგენ კლოპმა მეორე ტაიმის 46-ე წუთზე ურუგვაელი ახალწვეული შემოიყვანა და მატჩში გარდამტეხი წვლილიც შეიტანა. შემოსვლიდან ორ წუთში ნუნიესმა გოლის გატანა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეძლო.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა. სამხრეთ ამერიკელმა შეხვედრაში კიდევ სამი გოლი გაიტანა და პოკერი ჩაიწერა აქტივში. ასე, რომ გულშემატკივრების შეფასება, როგორც ჩანს ნაადრევი აღმოჩნდა. ვინ იცის, იქნებ "ლაიფციგი" არაა ერთადერთი გუნდი, რომელსაც დარვინი 4 გოლს გაუტანს.

სხვა სტატიები