"ჩვენი ნაკრების წარმატებული სერიის დასასრულებლად ემზადება" - შოტლანდიური მედია კვარაცხელიაზე
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, სტუმრად კვიპროსი 1:2 დაამარცხა.
კვიპროსთან გამართულ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა, ბურთს 58-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა და 27-დან 23 (85%) სწორი გადაცემა გააკეთა. ვებგვერდმა WhoScored.com-მა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და 9-ქულიანი შეფასება დაუწერა. აღსანიშნავია, რომ WhoScored.com-მა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 შეხვედრა "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიასა და საქართველოს შორის შედგება. პრინციპული დაპირისპირება 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
მოახლოებული მატჩის წინ შოტლანდიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ქართველ ვარსკვლავს ვრცელ სტატიას უძღვნის. dailyrecord.co.uk-ის სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
კვარადონას გოლებმა "ნაპოლის" 30-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა, თუმცა, დაახლოებით სამი თვეა, რაც მას მეტოქის კარი არ აუღია. ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნავს, რომ გიჟური სეზონის შმდეგ გადაღლილია, მაგრამ 3-თვიანი უიღბლო სერიის შეწყვეტას და შოტლანდიის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებას გეგმავს.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ამ ტრიუმფში კვარადონამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, თუმცა, უკანასკნელი 15 მატჩის განმავლობაში მას გოლი არ გაუტანია. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში, კვარაცხელიამ 10 გოლის გატანა შეძლო, მაგრამ ნაკრების ბოლო ორ შეხვედრაში თავი არ გამოუჩენია და მონდომებულია, რომ "მშრალი სერია" შოტლანდიას შეწყვიტოს.
გიორგი მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის გოლების წყალობით, საქართველომ კვიპროსი დაამარცხა (1:2) და იმ შემთხვევაში, თუ "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიასაც დაამარცხებს, ქვეჯგუფში პირველადგილოსანთან ერთით ნაკლები მატჩი ექნება ჩატარებული და მხოლოდ 2-ქულით ჩამორჩება.
"გოლების გატანის თვალსაზრისით, წარუმატებელი პერიოდი მაქვს. ვფიქრობ, ცუდად არ ვთამაშობდი - უბრალოდ არ გამიმართლა. "ნაპოლიში" გრძელი და ძალიან მძიმე სეზონი მქონდა. უამრავ მატჩში მივიღე მონაწილეობა და უნდა ვაღიარო, რომ დავიღალე. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ შოტლანდიაში გოლის გატანას შევძლებ.
კვიპროსში გამარჯვება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა გლაზგოში მხოლოდ ერთი მიზნით ჩამოვედით - ეს გამარჯვებაა. მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ გაიტანს გოლს. მთავარია, რომ სინ 3 ქულით დავბრუნდეთ. შაბათს მიქაუტაძემ და დავითაშვილმა გაიტანეს და დასახულ მიზანს მივაღწიეთ", - ხვიჩა კვარაცხელია.
ხვიჩა კვარაცხელიამ მის თანაგუნდელ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისაზეც ისაუბრა, რომელსაც "ნაპოლიში" ასევე დიდებული სეზონი ჰქონდა. კვარა აღნიშნავს, რომ ანგისამ მის მოტივაციაზე იმოქმედა.
"მატარებელში ვისხედით და "ლაციოს" წინააღმდეგ სათამაშოდ რომში მივემგზავრებოდით, როდესაც ჩემს გვერდით დაახლოებით 1 საათით დაჯდა. სერია A-ს შესახებ მესაუბრა. ამიხსნა, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა და როგორ მეთამაშა. მან თითოეული მოთამაშის შესახებ დეტალური ინფორმაცია მომაწოდა და მითხრა, რა უნდა გამეკეთებინა და რა - არა. ამ საუბარმა ყველაფერი შეცვალა. ოჯახისგან და მეგობრებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, მაგრამ ამ საუბარმა ჩემზე ძალიან იმოქმედა".
შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 შეხვედრა "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიასა და საქართველოს შორის შედგება. პრინციპული დაპირისპირება 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.