ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. ბოლო სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა: "ჩელსიმ" ლონდონში, საშინაო არენაზე, მადრიდის "ატლეტიკოს" 2 უპასუხო გოლი გაუტანა - "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებმა ორი მატჩის ჯამში - 3:0 მოიგეს და 2014 წლის შემდეგ პირველად, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. პარალელურ მატჩში, რომელსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა, მიუნხენის "ბაიერნმა" "ლაციოს" - 2:1 სძლია. ორმატჩიან დუელში ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულებმა მეტოქეს 6:2 აჯობეს და საუკეთესო 8 გუნდს შორის ადგილი მოიპოვეს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4-ფინალში გასული ყველა გუნდის ჩამონათვალი ასეთია:
მიუხენის "ბაიერნი"
ლონდონის "ჩელსი"
"მანჩესტერ სიტი"
"ლივერპული"
მადრიდის "რეალი"
"პსჟ"
დორტმუნდის "ბორუსია"
"პორტუ"
მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 20 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება.