Belive

სკოტ კარსონმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტი" "სპორტინგს" დაუპირისპირდა. "ეტიჰადზე" გამართული დაპირისპირება არც ისე საინტერესო გამოდგა, რაც მატჩის შედეგზეც აისახა და ტაბლოზე ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. ორი მატჩის ჯამში "მანჩესტერ სიტიმ" "სპორტინგი" სოლიდური სხვაობით (5:0) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შედეგად, პეპ გვარდიოლამ საკუთარ თავს შესაძლებლობა მისცა გუნდში როტაციისათვის მიემართა, რის შედეგადაც "ქალაქელთა" განაცხადში რამდენიმე საინტერესო ცვლილება ვიხილეთ. მატჩის 75-ე წუთზე, მოედანზე სკოტ კარსონი შევიდა. 36-წლის კიპერმა "სპორტინგის" შემტევის უძლიერესი დარტყმაც მოიგერია და პუბლიკისაგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სკოტ კარსონმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა.

2005 წლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კარსონმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "სპორტინგთან" გამართულ მატჩამდე კარსონის უკანასკნელი და ერთადერთი მატჩი 16 წლისა და 338 დღის წინ შედგა - აღნიშნულ მატჩში "ლივერპული" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. ვეტერანი კიპერი იმ დროისათვის მხოლოდ 19 წლის იყო. სკოტ კარსონი ოფიციალურად გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ სადებიუტო და მეორე შეხვედრაში დროის ყველაზე დიდი ინტერვალი (16 წელი და 338 დღე) დააფიქსირა.

სხვა სტატიები