ჩემპიონი და საჩემპიონო ნაპოლი - განსხვავება შემადგენლობების ღირებულებებს შორის
ორი წლის წინ ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო დღესასწაულის მომსწრე გავხდით. ნეაპოლს, სამხრეთ იტალიის ქალაქს, რომელიც სავსეა უზომოდ ვნებიანი ფეხბურთის გულშემატკივრებით, განსაკუთრებული წელი ჰქონდა - "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტოს მოგება მოახერხა. ლუჩიანო სპალეტიმ თავისი გუნდი სერია A-ს მწვერვალზე აიყვანა, ნაპოლიმ 90 ქულა დააგროვა და პირველად 1990 წლის შემდეგ, როდესაც მათ ჩემპიონობა დიეგო მარადონამ მოუტანა, სკუდეტო ისევ დაიმსახურეს. ახალი სუპერვარსკვლავები, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ქალაქის კერპებად იქცნენ, ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მეორე კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.
ნაპოლის გულშემატკივრებს დიდი ლოდინი არ დასჭირვებიათ. ზემოთ ხსენებული სუპერვარსკვლავები - ოსიმენი და კვარაცხელია წავიდნენ, თუმცა ნაპოლი ისევ იბრძვის ჩემპიონობიისთვის. 4 ტურით ადრე, სკუდეტოს ბედი კონტეს გუნდის ხელშია, ისინი ჩემპიონ "ინტერს" სამი ქულით უსწრებენ.
2022/2023 წლების სერია A-ში, ნაპოლის ყველაზე ხშირად გამოყენებული სასტარტო თერთმეტეულიდან 6 კაცი შეიცვალა, თანაც ისე, რომ კონტეს ამჟამინდელი გუნდი გაცილებით ნაკლები ღირს.
ორი თერთმეტეულის შესაქმნელად, transfermarkt დაეყრდნო იმ მოთამაშეებს, რომლებსაც სერია A-ში, შესაბამის სეზონებში, თითოეულ პოზიციაზე ყველაზე მეტი წუთი აქვთ დაფიქსირებული. დავიწყოთ სპალეტის ტიტულის მფლობელებით. ამ გუნდის ხუთი წევრი ამ სეზონში ნაპოლისთვის კვლავ გამორჩეულია, მაგრამ ტიტულის მოგების სეზონის შემდეგ, თითოეული ამ ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება შემცირდა. მეკარე ალექს მერეტის ფასი 18 მილიონი ევროდან 12 მილიონ ევრომდე შემცირდა, მარჯვენა მცველისა და კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს - 25 მილიონი ევროდან 15 მილიონ ევრომდე, ცენტრალური მცველის, ამირ რაჰმანის 25 მილიონი ევროდან 12 მილიონ ევრომდე შემცირდა, ნახევარმცველის, სტანისლავ ლობოტკას - 40 მილიონი ევროდან 25 მილიონ ევრომდე, ხოლო ფრანკ ანგისას - 40 მილიონი ევროდან 27 მილიონ ევრომდე. თითოეული ეს მოთამაშე ახლა 28 წლის ან მეტი ასაკისაა.
იმ სეზონში გუნდში შემავალი დანარჩენი ექვსი მოთამაშე კლუბიდან წავიდა. კვარაცხელია იანვარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პსჟ"-ში გადავიდა, ოსიმენი კი "გალათასარაიში" იჯარით იმყოფება და მოსალოდნელია, რომ ამ ზაფხულს კლუბი გაყიდის. კიმ მინ-ჯე ამჟამად "ბაიერნ მიუნხენშია", პიოტრ ჟელინსკი "ინტერში", ირვინგ ლოსანო MLS-ის "სან დიეგოში" გადავიდა, ხოლო მარიო რუი ამჟამად თავისუფალი აგენტია. მთელი თერთმეტეულის ფასი იმ სეზონში 481 მილიონ ევროს შეადგენდა.
ორი წლის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტონიო კონტეს ყველაზე ხშირად გამოყენებულ თერთმეტეულში ხუთი კაცი ჩემპიონი ნაპოლიდან ჰყავს. კიმი და რუი შესაბამისად ნიჭიერმა ცენტრალურმა მცველმა ალესანდრო ბონჯორნომ (45 მილიონი ევრო) და ურუგვაელმა მარცხენა მცველმა მატიას ოლივერამ (18 მილიონი ევრო) ჩაანაცვლეს. სკოტ მაკტომინეი (40 მილიონი ევრო) გასულ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადავიდა - ის ჟელინსკის ნაცვლად თამაშობს. მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიას ცვლის დავიდ ნერეში (30 მილიონი ევრო), რომელსაც ამ სეზონში ტრავმების პრობლემებიც აქვს, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ლოსანოს მატეო პოლიტანო (10 მილიონი ევრო) ცვლის. ოსიმენის მაგივრად ძირითადში გამოცდილი რომელუ ლუკაკუ (22 მილიონი ევრო) გვხვდება. საერთო ჯამში, ამ სეზონში ყველაზე ხშირად გამოყენებული თერთმეტეულის საბაზრო ღირებულება მხოლოდ 256 მილიონი ევროა - ეს ორი წლის წინ, სკუდეტოს მომგები გუნდის ღირებულების ნახევარია.
ფაქტია, რომ კონტე ჩემპიონობისკენ გაცილებით შეზღუდული რესურსით მიდის, ვიდრე ეს სპალეტიმ მოახერხა. თუ ნაპოლი ჩემპიონი გახდება, ანტონიო კონტე გახდება პირველი მწვრთნელი, რომელიც სერია A-ს სამი სხვადასხვა გუნდით მოიგებს ("იუვენტუსთან" ერთად 11/12, 12/13 და 13/14 სეზონებში და "ინტერთან" ერთად 20/21 სეზონში).