"ჩემი ოცნებაა ვალენსიაში დარჩენა, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული" - გიორგი მამარდაშვილი
ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ქართველი მეკარე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრები სკანდირებდნენ - "გიორგი დარჩი", სწორედ ამაზე ჰკითხეს მას შეხვედრის დასრულების შემდეგ:
ჩემი ოცნებაა "ვალენსიაში" დარჩენა და კარიერის აქ გაგრძელება, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჯერ კიდევ არ ვიცი რა როგორ იქნება, ვნახოთ. - გიორგი მამარდაშვილი
ქართველმა მეკარემ რამდენიმე ძალიან კარგი ბურთი მოიგერია, მას სწორედ ამაზე ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა ასეთი რამ:
ვფიქრობ, ეს ჩემი საქმეა. რთულია, მაგრამ ჩემი საქმეა. ყოველდღე უფრო მეტი და მეტი უნდა ვიშრომო, რომ მეტოქე გუნდის ასეთი შეტევები შევაჩერო და ბურთები მოვიგერიო. - გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი დღეს დაფიქსირებულ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას:
ვიცით, რომ მოგება ყოველთვის ძალიან რთულია, რადგან ლა ლიგაში კონკურენცია ძალიან მაღალია. ეს ვიცით და ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. სამი თამაშია დარჩენილი და ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. - გიორგი მამარდაშვილი
ქართველმა მეკარემ სერხიო კამელოს მიერ ძალიან კარგად დარტყმული ბურთი მოიგერია, ესპანელმა ფეხბურთელმა ამ მომენტზე და ზოგადად მამარდას ასპარეზობაზე კომენტარი გააკეთა:
გაოგნებული ვიყავი მამარდაშვილის ასეთი მოგერიებებით, მან ჩემი და უნაის მიერ დარტყმული საოცარი ბურთები აიღო. თქვენ უკვე ხედავთ მას როგორც დიდ მეკარეს. - სერხიო კამელო
💬 Mamardashvili: “Quedan tres partidos y tenemos que seguir hasta el final”#ValenciaRayo#ADNVCF pic.twitter.com/vp5X7JfZZe
— Valencia CF (@valenciacf) May 12, 2024