ჩეხეთის მწვრთნელი: ,,როცა საქართველომ 4 გოლი გაგვიტანა, მაშინ უამრავი ექსპერტი გამოჩნდა''
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა, საქართველოსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს მატჩი მხოლოდ მორიგი ნაბიჯი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისკენ, რაც ჩვენი მიზანია.
საქართველოსთან წაგების შემდეგ მიღებული კრიტიკა? როცა 4 გოლს უშვებ, ცხადია, რომ არავინ შეგაქებს. მაშინ თამაში არ გამოგვივიდა, ეს ყველამ ვნახეთ. რა თქმა უნდა, მერე უამრავი ექსპერტი გამოჩნდა. თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ყველას შეუძლია. კრიტიკა გადავიტანეთ და ბიჭებმა სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს.
პირველი მიზანი B დივიზიონის ჯგუფის მოგება იყო, რაც შევასრულეთ. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ნახევრად გაკეთებული საქმეა, რადგან მთავარი ამოცანა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. - ივან ჰაშეკი
ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან სტუმრად 1:2 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფში 7 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა.
შედეგად, საქართველოს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა C დივიზიონის მეორედგილოსნებიდან ერთ-ერთთან მოუწევს.
C ლიგის მეორეადგილოსანთა, ანუ საქართველოს სავარაუდო მეტოქეთა სია ასე გამოიყურება:
სლოვაკეთი
ბულგარეთი
სომხეთი
კოსოვო/რუმინეთი
საქართველოს ნაკრების მეტოქე პარასკევს, 22 ნოემბერს გაირკვევა. მატჩები კი 2025 წლის 20-23 მარტს გაიმართება.