2 მთავარი ვარიანტი | სენტ-ეტიენი ზურიკო დავითაშვილში 15 მილიონს ითხოვს
2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ზურიკო დავითაშვილის მიერ გუნდის შეცვლის საკითხია.
ქართველი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, უახლოესი ცნობები კი ორი გუნდის ინტერესზე მიანიშნებს.
ბერძნული ოლიმპიაკოსის ინტერესი საქართველოს ნაკრებისა და სენტ-ეტიენის ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის მიმართ კიდევ უფრო გააქტიურდა.
ქართველი ფეხბურთელი ბერძნული გრანდის მთავარ სამიზნედ მას შემდეგ იქცა, რაც ოლიმპიაკოსმა ანდრე ლუისი ამერიკულ კანზას სიტიში გაასხვისა. ტრანსფერის ღირებულებამ 16 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც კიდევ 3.5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები ემატება.
ბერძნული მხარე დავითაშვილის დასამატებლად ძალისხმევას არ იშურებს. თავის მხრივ, სენტ-ეტიენი ქართველი შემტევის სანაცვლოდ შეთავაზებებს მხოლოდ 15 მილიონ ევროზე ზევით განიხილავს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ანდრე ლუისის შესაძლო წასვლის ფონზე, ზურიკო დავითაშვილი მის იდეალურ შემცვლელად და მთავარ კანდიდატად სახელდება.
საქმეში რჩება ბერგამოს ატალანტაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ბოსნიელი ტალანტის, ალაიბეგოვიჩის ვერდამატების შემდეგ, ამ მომენტისთვის იდეალურ და ეკონომიურ ვერსიად სწორედ 25 წლის ქართველის დამატება რჩება.
ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენს გასულ სეზონში ულიდერა და ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გაიყვანა, საიდანაც პლეი-ოფის ფინალში გავიდა, მაგრამ ნიცასთან (1:4) წააგო. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს სეზონის განმავლობაში 16 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა.