Belive

ბუდუ ზივზივაძე: "რთული პერიოდიდან უფრო ძლიერი დავბრუნდი და მომავლისთვის ბრძოლას ვაპირებ"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"კარლსრუეში" გადასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გერმანულ bnn.de-სთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა და სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

"ორშაბათს ჩავედი კარლსრუეში, სამედიცინო შემოწმება გავიარე და სამშაბათს ხელი მოვაწერე კონტრაქტს. საჭირო საბუთების გამო, ოთხშაბათს მომიწია უნგრეთში დაბრუნება. ბუდაპეშტში გერმანიის საელჩოში ვიზის საბუთები გავაკეთე და ხუთშაბათს გერმანიაში დავბრუნდი, ინდივიდუალურად ვივარჯიშე, პარასკევს კი პირველად უკვე გუნდთან ერთად.

მარცხენა მხარზე მქონდა დაზიანება. ამიტომ ნოემბერში მომიწია ოპერაციის გაკეთება. ასე რომ, ნორმალურია, რომ ჯერ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე მზად ვიქნები და მოუთმენლად ველოდები "კარლსრუეში" ჩემი პირველი წუთების თამაშს.

დიდი ხანია კავშირზე ვარ "კარლსრუესთან" და კლუბებიც საუბრობდნენ ერთმანეთთან. გადამწყვეტი მომენტი რეალურად მხოლოდ ორშაბათს, რვა დღის წინ იქნა მიღწეული. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ - კარგ კლუბში, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო.

288671744_470728038151627_589090171076073897_n (1)

რა თქმა უნდა, აქ მოსვლამდე ალექსანდრე იაშვილთან ვისაუბრე, ის აქ კაპიტანი იყო და "კარლსრუეს" შესახებ ყველაფერი იცის. რაღაც კითხვები გამიჩნდა. ის, რაც მან მითხრა, კარგად ჟღერდა და ამის შემდეგ ამ ნაბიჯის გადადგმა აღარ გამჭირვებია.

გასული წლის ოქტომბერში მე ვითამაშე "ფეჰერვართან" ერთად "უიპეშტის" წინააღმდეგ, რომელშიც ერთი სეზონით ადრე, იჯარის წესით ვთამაშობდი. თამაშის შემდეგ ერთ-ერთ ყოფილ თანაგუნდელს მოედანზე მაისური გავუცვალე და დაუფიქრებლად ჩავიცვი. მატჩი წაგებული გვქონდა, რის გამოც კარგ ხასიათზე არ ვიყავი და პირდაპირ გასახდელში წავედი. ამის შემდეგ კლუბმა პროვოკაციაში დამადანაშაულა, მაგრამ ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა. შედეგად, მეორე გუნდში გადამიყვანეს და იანვრამდე იქ გამოვდიოდი.

არ მესმოდა ამ გადაწყვეტილების. რომც ეფიქრათ, რომ არასწორად მოვიქეცი, ერთი-ორი კვირით შეეძლოთ რომ არ ვეთამაშებინე და ყველაფერი ამით დასრულებულიყო. თუმცა კლუბში სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს და ეს საკმაოდ რთული პერიოდი გამოდგა, მაგრამ, იცით, რომ ასეთი პერიოდებიდან ყოველთვის შეგვიძლია უფრო ძლიერები გამოვიდეთ.

ახლა უკვე აქ ვარ და მზად ვარ როგორც ჩემი კარიერული მომავლის, ისე ახალი კლუბის წარმატებული მომავლისთვის ვიბრძოლო", - თქვა 28 წლის ფეხბურთელმა.

ბუდუ ზივზივაძემ "კარლსრუესთან" 2025 წლის 30 ივნისამდე მოქმედ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი დებიუტი ახალ გუნდში სავარაუდოდ, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში შედგება - 10 თებერვალს ქართველი ფეხბურთელის გუნდი "ფიურტს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები