Belive

პორტუგალიური მედია: გიორგი მამარდაშვილი პორტუს სატრანსფერო სამიზნეა

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

უახლოესი პერიოდის განმავლობაში, პორტუგალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კარიერას ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გრანდში, "პორტუში" გააგრძელებს.

"ლუის პინტო კოელიოს, Bola na Rede-ს კომენტატორის პოდკასტის Lei de Mercado-ს უახლეს ეპიზოდში, გიორგი მამარდაშვილი "პორტუს" სატრანსფერო სამიზნეთა სიაში ახსენეს. ქართველი მეკარე "ვალენსიას" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, გუნდის, რომელიც გარკვეულ სირთულეებს გადის ესპანეთის ლიგაში.

როგორც ჩანს, გარიგება ადვილი არ იქნება, რადგან "ლესტერ სიტის" (რომელიც ინგლისის მეორე ლიგაში გამგზავრების საფრთხის ქვეშაა) მოთამაშის მიმართ ინტერესი აქვს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არ აწყობს "პორტუს", არის "ვალენსიას" მიერ მოთხოვნილი თანხა: 20 მილიონი ევრო. საქმე იმ შემთხვევაში შეიძლება გაადვილდეს, თუ "ღამურები" ლა ლიგიდან გავარდებიან.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა. ის "მესტალიაზე" 2021/22 წლების სეზონში ჩავიდა, თავდაპირველად კლუბის მეორე გუნდში მოსახვედრად, მაგრამ საბოლოოდ მთავარი გუნდის წევრი გახდა და ახლა მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა", - წერს bolanarede.pt-ი.

"პორტუ" პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და ისტორიაში ქვეყნის 30 ჩემპიონობა, თასის მფლობელის 10 ჯილდო, ერთხელ ლიგის თასის ოქროს პრიზიორობა და სუპერთასზე 23 გამარჯვება აქვს მოპოვებული. რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, აქ "დრაკონებს" ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ამდენივე უეფას თასი და ერთი ევროპის სუპერთასიც აქვთ მოპოვებული. მიმდინარე სეზონში, "პორტუ" პორტუგალიის ლიგაში ჩატარებული 32 მატჩის შემდეგ დაგროვებული 79 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ერთპიროვნულ ლიდერ ლისაბონის "ბენფიკას" 4 ქულით ჩამორჩება, დარჩენილ ორ ტურში კი 2 ქულის მოპოვების შემთხვევაში, შემდეგ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დინამო თბილისიდან” იჯარის წესით შეუერთდა, ზამთარში კი ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარის კონტრაქტი 800 000 ევროდ გამოისყიდა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის” აქვთ და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.

სხვა სტატიები