Belive

ბრძოლა პერესის წინააღმდეგ გაგრძელდება? - რიკელმე „რეალში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ენრიკე რიკელმემ, დუმილი დაარღვია. მან კლუბის მომავალსა და თავის გეგმებზე Marca-სთან ისაუბრა და პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში დაბრუნებაც არ გამორიცხა.

ბოლო არჩევნებში რიკელმემ ხმების 35% მიიღო. ფლორენტინო პერესთან დამარცხების მიუხედავად, ის შედეგებს პატივს სცემს:

„პატივს ვცემ მიღებულ შედეგებს. ჩემი ერთადერთი სურვილია, მადრიდის „რეალში“ ერთიანობა იყოს, თუნდაც ზოგიერთი საკითხი არ მომწონდეს. დრო გვიჩვენებს, დავაყენებ თუ არა კვლავ ჩემს კანდიდატურას. ვნახოთ, რა მოხდება რამდენიმე წლის შემდეგ“ - ენრიკე რიკელმე

რიკელმეს მთავარი გზავნილი კლუბის მოდელის ცვლილებას შეეხებოდა. ეს თემა პერესთან მისი საარჩევნო დაპირისპირებისას ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო.

„კლუბის გაყიდვა ჩემთვის კვლავ წითელი ხაზია. ყურადღებით დავაკვირდები წესდებაში ნებისმიერ ცვლილებას, რათა ეს საფრთხე თავიდან ავიცილოთ. თუ დავინახავ, რომ ეს პროცესი რეალურ სახეს იღებს, აუცილებლად ვიმოქმედებ. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამჟამად ამის ნიშნებს ვერ ვხედავ“ - ენრიკე რიკელმე

რიკელმე ამ ეტაპზე გუნდს გარედან ადევნებს თვალს და მხარს უჭერს. მიუხედავად ამისა, მისი მკაფიო პოზიცია კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ ის „რეალის“ პოლიტიკურ ცხოვრებაში რჩება და სამომავლო ბრძოლისთვის კარს ღიად ტოვებს.

სხვა სტატიები