ბრაზილიამ კოსტა რიკას ვერ მოუგო | ხამესი პარაგვაისთან საუკეთესო გახდა
კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტურები დასრულდა. ბოლო D ჯგუფში, სადაც ბრაზილია, პარაგვაი, კოლუმბია და კოსტა რიკა იმყოფებიან, გამთენიისას გუნდებმა პირველი ქულების ასაღებად ითამაშეს. იმ სამეულში, ვინც უმთავრეს ფავორიტებად ითვლება, მხოლოდ ბრაზილიამ ვერ მოახერხა პირველი თამაშის მოგება (საკუთარ ჯგუფში არგენტინამ კანადა დაამარცხა, ხოლო ურუგვაიმ პანამა). უამრავი მცდელობის მიუხედავად, ბრაზილიის ნაკრებმა კოსტა რიკა ვერ გატეხა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ბრაზილიის შემტევ სამეულს "რეალი" და "ბარსელონა" წარმოადგენდა - ვინისიუსი, როდრიგო და რაფინია, მათ უკან კი პაკეტა მოქმედებდა. 69-ე წუთზე ვინისიუსი კიდევ ერთმა ახალმა მადრიდელმა ენდრიკმა შეცვალა, თუმცა ახალგაზრდა ვარსკვლავმაც ვერ მოახერხა გოლის გატანა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს კოლუმბია და პარაგვაი დაუპირისპირდნენ. კაპიტნის, ხამეს როდრიგესის შესანიშნავი თამაშის წყალობით კოლუმბიელებმა 2:1 გაიმარჯვეს და ჯგუფის სათავეში 3 ქულით აღმოჩნდნენ. ხამესი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. როდრიგესმა 32-ე წუთზე დანიელ მუნოსს გაატანინა, ზუსტად 10 წუთში კი ჯეფერსონ ლერმას და კოლუმბია შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. ერთადერთი, რაც პარაგვაიმ მეორე ტაიმში მოახერხა, ხულიო ენსისოს გოლია.