Belive

ბენიტესი: "ნიუკასლის მფლობელი ბიზნესმენია და თავისი გუნდის წარმატება არ აინტერესებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ნიუკასლის" ყოფილმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, გუნდის მფლობელთან დაკავშირებით ისაუბრა და მაიკ ეშლი მხოლოდ ფულის მშოვნელ ადამიანად დაახასიათა, რომელსაც გუნდის წარმატება არ ადარდებს. ბენიტესი "ნიუკასლის" მთავარ მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა და გუნდს ჩემპიონშიპის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა. მომდევნო სეზონებში, პრემიერ ლიგაში აღზევებულმა "ნიუკასლმა" მეათე და მეცამეტე ადგილი დაიკავა.
ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2019 წელს დატოვა: "მე უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. მაიკ ეშლის გუნდის პოტენციალის გამოყენება არ სურდა", - აღნიშნა მან.

“მაიკ ეშლი ბიზნესმენია, რომელსაც გუნდი არაფერში აინტერესებს. მას სურს, რომ ნიუკასლმა პრემიერ ლიგაში ითამაშოს, თუმცა ამისი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მან მეტი მოგება მიიღოს. რეალურად, ჩვენ შევძელით ის, რომ ეშლის მიზნისთვის მიეღწია - გუნდმა პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და შეიქმნა იმისი საფუძველი, რომ ნიუკალს პროგრესირება გაეგრძელებინა.

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი ვთქვი. მე ვითხოვდი ახალ ფეხბურთელებს და მოტივაციას ხელმძღვანელობის მხრიდან. ჩვენ მიგელ ალმირონი ბოლო წამს შევიძინეთ. სიტისთან თამაშის წინ, როდესაც ფეხბურთელებს უნდა დავლაპარაკებოდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ გულშემატკივარის გასახარად, ტრანსფერის შესახებ განცხადება უნდა გამეკეთებინა. ეს კი ნამდვილად არ იყო ის გზა, რომლითაც წარმატებას მივაღწევდით", - განაცხადა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, ამჟამად, ბენიტესი ჩინურ "დალიანს" წვრთნის და გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები