ბელინგემის ნაცვლად კაისედო - ლივერპულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი
განახლება: ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, მოისეს კაისედოს სურვილია, რომ ითამაშოს "ჩელსიში" და არა "ლივერპულში". მნიშვნელოვანია, რომ ეკვადორელ ფეხბურთელსა და ლონდონურ კლუბს შორის პირადი, სიტყვიერი შეთანხმება მიმდინარე წლის მაისში შედგა.
ოფიციალური ინფორმაციით, "ლივერპულმა" და "ბრაიტონმა" შეთანხმებას მიაღწიეს - მერსისაიდული კლუბი ეკვადორელ ფეხბურთელს რეკორდული თანხის სანაცვლოდ შეიძენს.
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, მოისეს კაისედოს შეძენით, განსაკუთრებით, "ჩელსი" და "ლივერპული" იყვნენ დაინტერესებულები. ცნობილია, რომ გასულ თვეში, ლონდონური კლუბის 70 და 80 მილიონიანი შეთავაზებაზე "ბრაიტონმა" უარი განაცხადა. საბოლოოდ, "ბრაიტონმა" კაისედოზე აუქციონი გამოაცხადა, რომელში გამარჯვებულადაც "ლივერპული" დასახელდა (€127 მილიონი).
ამ ეტაპზე, "ლივერპულსა" და კაისედოს შორის მოლაპარაკება პირად კონტრაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს - ამ პროცესს ბრიტანულმა სპორტულმა მედიამ ფორმალური ნაწილი უწოდა, რადგან, ფაქტობრივად, ტრანსფერი გაოფიციალურებულია. ეკვადორელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას პარასკევს გაივლის, რის შემდეგაც, მერსისაიდული კლუბი მას გულშემატკივარს წარუდგენს.
რეკორდული ტრანსფერი
აღსანიშნავია, რომ "ლივერპულისთვის", ეს ტრანსფერი სარეკორდოა - დღემდე, ყველაზე დიდი მოცულობის თანხა ვირჯილ ვან დაიკში იყო გადახდილი (€84.65).
უნდა ითქვას ისიც, რომ აპრილში, იურგენ კლოპმა ჯუდ ბელინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბს მისი შეძენა არ შეეძლო.
"უნდა გავიაზროთ, რა არის ჩვენი რესურსი. არ უნდა მოვიქცეთ იმ ბავშვივით, რომელიც ფერარიზე ოცნებობს და მთელი შემდეგი ცხოვრება მის არქონაზე დარდობს. ერთ ზაფხულში რამდენიმე 100-მილიონიან ფეხბურთელს გუნდში ვერ მოვიყვანთ", - თქვა მაშინ კლოპმა.
ბელინგემი "რეალმა" უფრო ნაკლები თანხის სანაცვლოდ, €103 მილიონად შეიძინა. ინგლისელი ფეხბურთელის ნაცვლად და ჯორდან ჰენდერსონის წასვლისგან გამოწვეული სიცარიელის ამოსავსებად, კლოპმა დომინიკ სობოსლაი (€70) და ალექსის მაკალისტერი (€42) დაიმატა. გუნდისთვის, პრობლემად დაცვასა და ნახევარდაცვას შორის დარჩენილი თავისუფალი ზონა რჩებოდა, რადგან "ლივერპული" კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ დატოვა - ფაბინიომ კარიერა არაბეთში გააგრძელა. შესაბამისად, კაისედო იდეალური ვარიანტი იყო, თუმცა €127 მილიონი, რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი იყო.
კაისედო და "ბრაიტონი"
გასულ სეზონში, "პრემიერ ლიგაში", "ბრატონი" ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და მისდამი სიმპათია ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარს (და არამარტო მათ) გაუჩნდა. ციტატად პეპ გვარდიოლას სიტყვებს მოვიყვანთ, სადაც მან "ბრაიტონის" სათამაშო სტილი საჯაროდ შეაქო.
არცერთი სხვა გუნდი არ თამაშობს ისე, როგორც "ბრაიტონი", ამ გუნდს უნიკალური თამაშის მანერა აქვს. ვცდილობ, "ბრაიტონისგან" ბევრი ვისწავლო. - პეპ გვარდიოლა
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გასულ სეზონში, კაისედო "ბრაიტონის" ყველაზე სტაბილური და საიმედო მოთამაშე იყო, რომელიც სოლი მარშს, კაორი მიტომას, ალექსის მაკალისტერსა და სხვებს სათამაშო თავისუფლებას აძლევდა. მის ანგარიშზე ბევრ გოლს ვერ იპოვნით, ამიტომ Premier League Fantasy-ის მოთამაშეებისთვის ის ნაკლებად საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ, რაც მთავარია, ეკვადორელის მნიშვნელოვან ფუნქციას, განსაკუთრებით, მისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რობერტო დე ძერბი აფასებდა.
კაისედოს თამაში ყველა პოზიციაზე შეუძლია. ის ტოპ, ტოპ დონის ფეხბურთელია. - რობერტო დე ძერბი
ისტორია გვაჩვენებს, რომ იურგენ კლოპი ფეხბურთელებში დიდი მოცულობის თანხას ტყუილად არ იხდის და მათ შესაძლებლობებს, ასევე გუნდთან ადაპტაციის საკითხს წინასწარ სწორად განსაზღვრავს. გამონაკლისად შეგვიძლია ნაბი კეიტა გავიხსენოთ, რომელიც გუნდმა €60 მილიონად შეიძინა, თუმცა ძირითადი შემადგენლობის წევრად ვერა და ვერ იქცა. €80 მილიონის შესაბამისი ფეხბურთი არც დარვინ ნუნიესს უთამაშია, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს ბევრი დრო იმისთვის, რომ შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს.
€127 დაუჯერებელ თანხად ჩანს, თუმცა კლოპმა თავისი საქმე ყველაზე კარგად იცის. წინ გრძელი სეზონია და ძალიან საინტერესოა, თუ როგორ შეთამაშდება "ლივერპულის" ახალი ნახევარდაცვა და რა შედეგს დადებს გუნდი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ.