Belive

BBC: "ქართული დროშები და ბომბარდირის ნიღაბი - ნეაპოლი 33 წლის შემდეგ ჩემპიონობისთვის ემზადება"

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია-საშუალება BBC "ნაპოლის" ამჟამინდელი ფანტასტიკური სეზონის შესახებ ვრცელ, საინტერესო სტატიას აქვეყნებს და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას როლს უსვამს ხაზს.

"ნეაპოლი ზღვარზე მყოფი ქალაქია. ეს შეგიძლიათ ნახოთ, გაიგოთ, იგრძნოთ. ეს ჩანს თვალებში და ღიმილებში, მხიარულ ჭკუასა და ამაყ სიარულის მანერაში.

"ნაპოლი" სერია A-ში 16 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "ლაციოს" და 1990 წლის შემდეგ პირველი ტიტულისკენ ისწრაფვის. აივნიდან ჩამოკიდებული დროშები, რომლებიც ასახავს კლუბის მესამე ჩემპიონობისკენ მიმავალ გზას. ცრუმორწმუნე ნეაპოლელებსაც კი არ შეუძლიათ არ აღიარონ, რომ ეს მათი წელია.

ქალაქის ის ვიწრო ქუჩები, რომელშიც ერთ დროს დიეგო მარადონა სეირნობდა, ახლა 33-წლიანი პაუზის შემდეგ საზეიმოდ ემზადება. იმ შემთხვევაშიც კი, მეორე ადგილზე მყოფი "ლაციო" ყველა დარჩენილი მატჩის მოგებას მოახერხებს, "ნაპოლის" ჩემპიონობისთვის მხოლოდ 15 ქულაც კი ეყოფა.

1984 წლის ივლისში, როდესაც მარადონა ნეაპოლში ჩავიდა, ქალაქი ჯერ კიდევ მუხლებზე იყო დაჩოქილი, რადგან ოთხი წლით ადრე მომხდარმა მიწისძვრამ 2500 ადამიანი იმსხვერპლა. კამორას, რეგიონის მაფიას შორის დაპირისპირება ისეთი მწვავე იყო, როგორიც არასდროს, უმუშევრობა უზარმაზარ მაჩვენებელს აღწევდა, ნეაპოლის ბანკი კი გაკოტრების წინაშე იდგა.

თუმცა ფსკერზე მდებარე ნეაპოლში, "ნაპოლიმ", პოლიტიკის დახმარებით, მოახერხა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ძვირადღირებული ფეხბურთელის ყიდვა და ცასთან შეხება.

მაშინ პრეზიდენტი კორადო ფერლაინო გულშემატკივრების თხოვნით იძულებული გახდა ქალაქის მერს დაყრდნობოდა გარიგების დაფინანსებაში, რათა ყველაფერი გაეკეთებინათ მარადონას დასამატებლად.

"გარდა იმისა, რომ არგენტინელმა სერია A-ს ორი ტიტული და უეფას თასი მოიგო, მარადონამ, მიუხედავად მისი ურთიერთობისა ნეაპოლიტანურ მაფიასთან, მოუტანა სამართლიანობა ხალხს ჩრდილოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში", - ამბობს კულტურის ექსპერტი ფრანჩესკო კარინიანი.

Maradona mural

რომის სამხრეთით არცერთ კლუბს არ მოუგია სერია A მარადონას, კარეკას, ჩირო ფერარას და ახალგაზრდა ჯანფრანკო ძოლას "ნაპოლის" შემდეგ, როცა მათ ეს 1990 წელს გააკეთეს, თუმცა ნეაპოლიტანელები კვლავ უძლებენ ჩრდილოელი მეტოქეების მტრულ დაცინვას დანაშაულის, სიღარიბის, ქოლერის გავრცელების და ვეზუვის ამოფრქვევის გამო.

"აქ ხალხი "პირველ რიგში ნეაპოლიტანელები არიან და შემდეგ იტალიელები", - განმარტავს ბელინი, "ნაპოლის" სტადიონის გამომცხადებელი. "მათ აქვთ საკუთარი ენა, კულტურა და ისტორია. ნეაპოლი ოდესღაც აყვავებული ევროპის დედაქალაქი იყო, ახლა ის რჩება დამაინტრიგებელი არქიტექტურის, კარავაჯოს, პიცის ქალაქად. ყველაზე საინტერესო, კამპანიაში ცხოვრების ინტენსივობაა".

"ნაპოლის" ჰქონდა ჩავარდნა, იყო ფინანსური პრობლემები და გაკოტრება, თუმცა კლუბი გულშემატკივარს არ მიუტოვებია და 2004/05 წლების სეზონში სერია C-ს მატჩებს 50 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.

ჩვენი ქალაქისთვის ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია", - განმარტავს ჟურნალისტი ელენა ლოპრესტი. "ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთი, ეს არის სოციალური ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი ჩვენი, როგორც საზოგადოების განვითარებისთვის".

კინოპროდიუსერმა აურელიო დე ლაურენტისმა გამოიყენა შესაძლებლობა, ეყიდა კლუბი 2004 წელს და აღადგინა უმაღლესი დონის ევროპული ფეხბურთი ნეაპოლში, გულშემატკივრების რაოდენობით მეოთხე კლუბში იტალიაში - "იუვენტუსის", "მილანისა" და "ინტერის" შემდეგ.

ფორჯიონე განმარტავს, რომ ნეაპოლი იშვიათი ევროპული დიდი ქალაქია, რომელსაც ერთი კლუბი წარმოადგენს.

დე ლაურენტისის ეპოქას ახასიათებდა გამჭრიახი საკადრო პოლიტიკა - ედინსონ კავანი, ეზეკიელ ლავეცი, ჟორჟინიო, გონსალო იგუაინი - მომგებიანი გაყიდვები და საბოლოო ჯამში ტიტულისთვის რბოლაში ჩამორჩენა.

გასულ ზაფხულს, მას შემდეგ, რაც ჩემპიონობის კიდევ ერთი პერსპექტივა ჩაიშალა, ულტრასები მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტის მოპარული Fiat Panda-ს დაბრუნებას დაპირდნენ იმ პირობით, რომ ის დატოვებდა კლუბს. "ახლა ის იმსახურებს ფერარის და არა პანდას", - იუმორით ამბობს ჟურნალისტი კრედენდინო.

სპალეტი არ არის ნეაპოლიდან, მაგრამ ის იზიარებს ნეაპოლიტანურ ვნებას. "ინტერიდან" გათავისუფლების შემდეგ, მან ორი წელი გაატარა თავის ფერმაში, ტოსკანაში, სანამ "ნაპოლიში" მუშაობას შეუდგებოდა. ახლა ის სავარჯიშო მოედანთან ცხოვრობს და დაუღალავად მუშაობს სკუდეტოს მოსაპოვებლად.

მარადონა "ნაპოლის" წინა ტრიუმფის სახე იყო, მაგრამ ამჯერად უცნობი გმირები გამოჩნდნენ, რომლებიც ჭკვიანურად შეიძინა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ და გააძლიერა სპალეტის მწვრთნელობამ.

"ჯუნტოლი არის ამ სასწაულის შემოქმედი", - ამბობს კრედენდინო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი წუხდა, როდესაც კლუბმა გასულ წელს გაყიდა ცნობილი ვარსკვლავები კალიდუ კულიბალი, ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი.

"ჯუნტოლიმ აღმოაჩინა ხვიჩა კვარაცხელია, აღმოაჩინა ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ-ჯაე", - დასძენს ციმინო. "სპალეტი ზრდის ამ ნიჭს და აყალიბებს მათ ხასიათს. მას შეუძლია იპოვოს სწორი კლავიშები, რომ ყველა მოთამაშისგან საუკეთესო მიიღოს. სლოვაკი ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა ახლა ხავის და ინიესტას წააგავს.

"მილანთან" მატჩის დღეს, სტადიონის გარეთ, რომელიც მარადონას სახელს ატარებს, ბავშვები საუკეთესო ბომბარდირის ნიღაბს ატარებენ და საქართველოს დროშები ფრიალებს შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის.

თუ ვინმე ლეგენდარულ არგენტინელს ჰგავს, ეს სწორედ 22 წლის ქართველია, რომელიც წინა წელს "დინამო ბათუმიდან" დაიმატეს და მას კვარადონა უწოდეს.

Spanish Quarter

"ის მოედანზე წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადია", - დასძენს კრედენდინო. "მაგრამ თუ მარადონა ნახევარღმერთი იყო, კვარაცხელია რომის პაპია. მას სულ სხვა დამოკიდებულება აქვს, სულ სხვა პიროვნებაა".

კვარაცხელიას თამაშს თან აჟიტირება სდევს, ის ჩაწეული გეტრებით თამაშობს და მუდმივად რაღაც სიახლეს იგონებს.

მომდევნო რამდენიმე კვირაში მხარდამჭერები და საბჭო ორივე იზეიმებენ "ნაპოლის" პირველ ტიტულს ბოლო სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. გულშემატკივრები ამ წუთას ქალაქის მფარველ წმინდან სან ჯენაროს სთხოვენ და მარადონას სულისკვეთებას უხმობენ. ქალაქის მცხოვრებლები ენერგიას ზოგავენ, რათა ზეიმისთვის ძალები შეინახონ", - წერს BBC-ი.

Flags and banners in Naples

28 ტურის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით “ნაპოლი” სერია A-ს ერთპიროვნულად და უახლოეს მდევარ “ლაციოსთან” 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას “ნაპოლი” “ლეჩეს” წინააღმდეგ, სტუმრად, 7 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ “ნაპოლის” პირველი მატჩი “მილანის” წინააღმდეგ 12 აპრილს, სტუმრად, ელის.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები