BBC-ის სტატია | საქართველოს გზა ევროპის ჩემპიონატზე
დღეს, 18 ივნისს, საქართველოსთვის ისტორიული დღე გათენდა: ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს. ბუნებრივია, საერთაშორისო მედიის მხრიდან, ტურნირის დებიუტანტისადმი დიდი ინტერესია - იწერება სტატიები, მზადდება ვიდეოები და ისმის კითხვა - როგორ გავიდა ეს პატარა სახელმწიფო ევროპის საფეხბურთო პირველობაზე? BBC-ის სტატია სწორედ ამ ამბავს ეხმაურება და მატჩის გამართვამდე, მის თარგმანს, მცირედი შემოკლებითა და კორექტირებით გთავაზობთ.
როდესაც ღამის 2 საათზე, ქალაქში დაუგეგმავი ზეიმი გაიმართება, ეს იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო გუნდმა რაღაც განსაკუთრებულს მიაღწია. სწორედ ასეთი რამ მოხდა საქართველოში, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა და ევრო 2024-ზე გავიდა - ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი, სადაც საქართველო ითამაშებს.
"ასეთი არაფერი მინახავს - ქალაქი ბედნიერი გულშემატკივრებით ანათებდა. ცენტრამდე მისაღწევად 10 წუთის ნაცვლად 1 საათი დაგვჭირდა. შემდეგ მოედანზე შევიკრიბეთ, საოცარი იყო", - იხსენებს ვილი სანიოლის თანაშემწე, დევიდ ვები.
1991 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანა საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მე-15-ედ სცადა. "ჩემს ცხოვრებაში და ბევრი ქართველის ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. ასეთი ემოცია არასოდეს მიგრძვნია. მატჩი შუაღამისას დასრულდა და დილის 7 საათამდე ქუჩები ხალხით იყო სავსე. ყველას ცრემლი მოსდიოდა და ერთმანეთს ეხუტებოდა", - თქვა Geo Team-ის კრეატორმა, საბა საპანაძემ.
ამ გამარჯვებამ 4 წლის წინ მიღებული ტკივილი გადაფარა: როდესაც საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში, საკუთარ მოედანზე, ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
საქართველომ მას შემდეგ დიდი ნაბიჯი გადადგა, რაც ვილი სანიოლისა და მისი ასისტენტის დიდი დამსახურებაა.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა სანიოლმა საქართველოს ნაკრები 2021 წელს ჩაიბარა. "სანიოლმა გამარჯვების მენტალიტეტი მოგვიტანა. ის გაბედულია და ბევრ ახალგაზრდას მისცა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი. შედარებისთვის, ვლადიმირ ვაისი უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე აკეთებდა აქცენტს", - თქვა საპანაძემ.
სანიოლმა რთული დღეებიც გაიარა. ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე, საქართველომ ესპანეთის, შოტლანდიისა და ნორვეგიის შემდეგ მე-4 ადგილი დაიკავა. 2023 წლის სექტემბერში კი, საკუთარ მოედანზე, ესპანეთთან ანგარიშით 1:7 დამარცხდა.
ამის შემდეგ, გუნდში ცვლილება დაანონსდა: სანიოლმა დევიდ ვები გამოიძახა, რომელსაც სხვადასხვა კლუბში, მათ შორის "ტოტენჰემ ჰოთსპურსა" და "ბორნმუთში", ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის, სკაუტისა და ტექნიკური დირექტორის გამოცდილება ჰქონდა.
"ჩვენ საერთო საფეხბურთო ფილოსოფია გვაქვს. სპორტის ფსიქოლოგიის მიმართულებით სამაგისტრო ხარისხი მაქვს და სანიოლის დავალებით, ფეხბურთელებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად ვემუშავები", - აღნიშნა ვებმა.
"სანიოლს გუნდისთვის დამატებითი გამოცდილების გაზიარება სურდა - ვებმა სწორედ ეს მოიტანა. ჩვენ გვჭირდებოდა ხალხი, რომელსაც უმაღლეს დონეზე ნათამაშები და ნამუშევარი ჰქონდა. სანიოლმა ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა - ვების მოყვანა კარგი არჩევანი იყო", - თქვა ქართველმა ჟურნალისტმა, ედო ბადალაშვილმა.
"შეკრებებზე, სანიოლის დავალებით, სხვადასხვა საკითხებზე ვამახვილებდით ყურადღებას. მაგალითისთვის, პლეი-ოფში თამაშისას, წნეხის დროს სიმშვიდის შენარჩუნებაზე, ყველა გარე ხმაურის ჩახშობასა და საქმეზე ორიენტირებაზე ვმუშაობდით. ვფიქრობ, მიდგომამ გაამართლა. თავიდან, ჯგუფს პრეზენტაცია ჩავუტარე, შემდეგ მათ ინდივიდუალურად შევხვდი", - იხსენებს ვები.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე არასოდეს უთამაშია, ნაკრებს აქვს იმისი პოტენციალი, რომ პორტუგალიით, თურქეთითა და ჩეხეთის რესპუბლიკით დაკომპლექტებული F ჯგუფიდან პლეი-ოფში გადაინაცლოს. ამ პოტენციალს ფეხბურთელები ქმნიან: მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია - სერია A-ს გამარჯვებული, ტექნიკური გარემარბი.
"კვარაცხელიას მთავარი როლი ეკისრება. ის მშვიდია და თითოეულ ვარჯიშზე მაქსიმუმ მონდომებას ავლენს. ყოველთვის სურს, რომ ვარჯიშის მერე ინდივიდუალური ასპექტები დახვეწოს, მაგალითად, მომენტის რეალიზაციაზე იმუშავოს. კვარაცხელია ჩუმი ლიდერია", - აღნიშნა ვებმა.
ხვიჩას გარდა, გუნდში "უოტფორდში" ჩინებულად მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გამოირჩევიან. 2021 წელს, "ვალენსიამ" მამარდაშვილი მეოთხე მეკარედ დაიმატა, რომელმაც მეკარეების ტრავმიანობით ისარგებლა და "მესტალიას" საკუთარი პირველობა დაუმტკიცა.
ვების თქმით, საქართველოს ნაკრები გერმანიაში ტურისტის სტატუსით არ ჩადის და პარალელურად, მიუთითებს, რომ საქართველო თამაშით სიამოვნებას მიიღებს და წნეხის გარეშე გავა მოედანზე. "ჩვენი მიზანი მეორე-მესამე ადგილის დაკავებაა ჯგუფში", - განაცხადა მან.