Belive

"ბარსა ჩემი საყვარელი კლუბია და იმედია ერთ დღეს იქ ვითამაშებ" - გიორგი მიქაუტაძე

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სახელი ბარსელონას არაერთხელ დაუკავშირდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეს ტრანსფერი რეალურიც კი იყო, რადგან კატალონიური კლუბი ხულიან ალვარესის გაფორმებას ვერ ახერხებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძის ბარსაში გადასვლა არ შედგა, ქართველი თავდამსხმელი კატალონიელთა გულმხურვალე გულშემატკივარია და იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე ამ გუნდში თამაშის შანსი მიეცემა. ამის შესახებ მან DAZN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მიქაუტაძეს ზაფხულში ბარსას მხრიდან გამოვლენილ ინტერესზე ჰკითხეს:

ეს ძალიან სასიამოვნოა. ბარსა ჩემი საყვარელი (გულის) კლუბია, მათ თამაშს ბავშვობიდან ვუყურებ და დღესაც აქტიურად ვაკვირდები მათ მატჩებს.

ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული - უნდა გავაგრძელო თავდაუზოგავი შრომა, რათა, ვინ იცის, იქნებ მომეცეს კიდეც შანსი, ისეთ დიდ კლუბში მოვხვდე, როგორიც ბარსელონაა. მჯერა, რომ მაქვს საჭირო თვისებები იმისთვის, რომ ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გავხდე. - გიორგი მიქაუტაძე - ვილიარეალის თავდამსხმელი

გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში გასული წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, მისი ტრანსფერი ვილიარეალის ისტორიაში სარეკორდოა (31 მილიონი ევრო).

ქართველმა ფეხბურთელმა ამ ხნის განმავლობაში 59 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი, 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები