Belive

აურელიო დე ლაურენტისი: "ფეხბურთი ავად არის"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სასუოლოსთან" გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ (1:6) "ნაპოლისთვის" რთული კალენდარი იწყება. 3 მარტს ნეაპოლელები საკუთარ მოედანზე დაუძინებელ მტერს, "იუვენტუსს" მიიღებენ. პირველი წრის შეხვედრაში ტურინელებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, ამიტომ ნაპოლის რევანში აქვს ასაღები, თანაც იმის ფონზე, რომ სასუოლოსთან მათ აშკარად საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს მიმდინარე სეზონში. მოახლოებული შეხვედრის წინ, ნაპოლის პრეზიდენტმა, ვიქტორ ოსიმენსა და ფეხბურთში არსებულ ფინანსურ დისბალანსზე ისაუბრა.

ფეხბურთი ავად არის, რადგან ჩემპიონატები და გუნდები, ფინანსური თვალსაზრისით, არ არიან კონკურენტუნარიანები, შეჯიბრებები არ არის მომგებიანი.

უეფა აცხადებს, რომ "წელს ჩვენ გამოვყოფთ 2,4 მილიარდ ევროს ჩემპიონთა ლიგაზე, 500 მილიონზე მეტს ევროპა ლიგაზე და 238 მილიონზე მეტს კონფერენს ლიგაზე". მე ეს არ მესმის. თუ ყველა გუნდი ვალშია, ეს ნიშნავს, რომ თანხები არ არის საკმარისი. ასე რომ, ეს არ არის მდგრადი ფეხბურთი და ჩვენ ვთამაშობთ უამრავ შეხვედრაში იმისთვის, რომ მივიღოთ არაფერი. - განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა

ნაპოლის პრეზიდენტს ვიქტორ ოსიმენის მომავალთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა, მან კი განაცხადა, რომ ყველა ადამიანი ისეთი ერთგული არ არის, როგორც მაგალითად ჰამშიკი, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

ოსიმენი შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ გვყოლია ისეთი ტიპაჟებიც, რომლებსაც შეუყვარდათ კლუბი და ქალაქი და აქ 11 წელი გაჩერდნენ, როგორც ჰამშიკი, ზოგიერთმა ჩვენთან 8 წელი გაატარა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ფეხბურთელები "რეალს", პსჟ-ს, "არსენალს" ან "ჩელსის" იზიდავენ და მათთან კონკურენცია ძალიან რთულია. ვიქტორი შვილივითაა, ისეთი შვილივით, რომლის წარმატებაც ნებისმიერ ადგილას გამახარებს - აურელიო დე ლაურენტისი

ნაპოლი 26 ტურის შემდეგ ცხრილის მე-8 პოზიციას "ლაციოსთან" იყოფს, იუვენტუსი კი 57 ქულით მეორეზეა და ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონობისთვის. ბოლო თამაშში ნაპოლის შესანიშნავი გამოსვლა რაიმე დასკვნის საშუალებას არ იძლევა - მეტოქიდან გამომდინარე, თუმცა ცხადია, რომ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ გუნდს განწყობა შეეცვლება. ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას წინა სეზონის მსგავსი პერფორმანსი იუვენტუსთან გაცილებით დიდ მოლოდინს ტოვებს, ვიდრე თუნდაც 1 კვირის წინ ვიფიქრებდით.

სხვა სტატიები