Belive

ასტანას ნახევარმცველი: "დინამოს საშინაო კედლების უპირატესობა აქვს და რთულ მატჩს ველი"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო თბილისი" "ასტანას" უმასპინძლებს. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ყაზახური კლუბის მარცხენა გარემარბმა, ელხან ასტანოვმა კომენტარი გააკეთა.

"პირველ მატჩში მცირე დრო ვითამაშე, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, საპასუხო მატჩში მეტი დრო მომეცემა, თუმცა ყველაფერი მატჩის წინ გამოჩნდება. გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს, ჩემთვის კი მარცხენა ფლანგზე თამაში როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მისაღებია.

"დინამოსთან" ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი მეტოქე საკმაოდ შეკრული და გუნდურია. ინდივიდუალურად მე უსმანე კამარას გამოვარჩევ.

მთლიანობაში, საშინაო კედლებში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე, "დინამო თბილისისგან" რთულ შეხვედრას ველოდები.

ისევე, როგორც "დინამო თბილისი" მოერგო ჩვენს ჰავას და სათამაშო მოედანს და დამაჯერებლად ითამაშა, ვფიქრობ ჩვენც ანალოგიურად მოვერგებით თბილისს და "დინამო არენას" და ამ კუთხით ადაპტაცია არ გაგვიჭირდება. ჩვენი თამაშის ჩვენების სურვილი გვაქვს", - თქვა 23 წლის ფეხბურთელმა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და “ასტანას” მატჩი 19 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება (გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა).

სხვა სტატიები