ასისტი საჩემპიონო თამაშში - კვარა საფრანგეთის ჩემპიონია
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტური დაუვიწყარი აღმოჩნდა, რადგან "პსჟ"-მ და ხვიჩა კვარაცხელიამ ოფიციალურად გაიფორმეს ზედიზედ მეოთხე და ისტორიაში მე-13 ჩემპიონობა. პარკ დე პრენსზე შეკრებილი აუდიტორიაც "ანჟესთან" სწორედ ამას მოელოდა, პარიზელებმა 1:0 გაიმარჯვეს და 6 ტურით ადრე, დედაქალაქში საჩემპიონო სიმღერა აჟღერდა. ისიც სათქმელია, რომ დღეს პსჟ-ს 1 ქულაც ჰყოფნიდა ამ წარმატების მისაღწევად.
ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქურმა კლუბმა მატჩი ნახევარი ძალით მოიგო, ერთადერთი გოლი დეზირე დუემ მეორე ტაიმში, ხვიჩას არაჩვეულებრივი გადაცემის შემდეგ გაიტანა. პარიზში იანვარში ჩასულ კვარას ლიგა 1-ში 2 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პსჟ-ს წაგება არ აქვს, ამიტომ დარჩენილ 6 ტურში პარიზელებისთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება, მთავარი ყურადღება კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს დაეთმობა, სადაც მეტოქე "ასტონ ვილაა". პსჟ გასულია საფრანგეთის თასის ფინალშიც, ამიტომ გუნდი ტრებლის შესრულების შანსს ინარჩუნებს.