"ასე ხდება როცა მეტოქეს სათანადოდ არ აფასებ" - პორტუგალიელი გულშემატკივარი მარცხით უკმაყოფილოა
დღეს სტარტი აიღო ევროპის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ვიცე-ჩემპიონმა პორტუგალიამ წარუმატებლად დაიწყო. საქართველოსთან უპირობო ლიდერად შერიცხულმა რუი ჟორჟეს გუნდმა შეხვედრა 2:0 დათმო. გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლებს პორტუგალიელებმა ვერ უპასუხეს და პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ.
ბუნებრივია, რომ გულშემატკივარი აღნიშნული შედეგით ძალიან უკმაყოფილოა და ამას სოციალურ ქსელეში არც მალავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ პოსტი განათავს წარწერით: "ეს არ იყო ის დასაწყისი, რომელიც გვინდოდა, მაგრამ ჩვენ მომავალ თამაშებში გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებულნი."
აღნიშნულ პოსტზე გულშემატკივარი მის გაბრაზებას არ მალავდა. მათი უმრავლესობა გუნდის მთავარ მწვრთნელს რუი ჟორჟეს აკრიტიკებდა.
"ასე ხდება როცა მეტოქეს სათანადოდ არ აფასებ"
"მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაშობ, არ ნიშნავს რომ ვარსკვლავი ხარ"
"ფეხბურთელების მდიდრული შემადგენლობა და რუი ჟორჟე ამ გუნდს ვერ ათამაშებს, დაუჯერებელია"
"თუ არ შეიცვლით დამოკიდებულებას, შეგიძლიათ ჩანთები ჩაალაგოთ. რუი ჟორჟე ზედმეტად რბილია იმისთვის, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იყოს"
"ამ ბავშვებს საკმაოდ მაღალი ეგო აქვთ. რა თქმა უნდა, ამ სავალალო სურათის შექმნა მწვრთნელსაც დიდი როლი მიუძღვის"
"რუი ჟორჟე დიდი იმედგაცრუებაა" - ასე გამოეხმაურა პორტუგალიელი გულშემატკივარი მისი ნაკრების მარცხს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებს წინ კიდევ ორი შეხვედრა ელის. მომავალი მატჩში ისინი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ბელგიასთან 0:0 ითამაშეს. აღნიშნული შეხვედრა 24 ივნისს 20:00 საათზე არის ჩანიშნული.