არსენალს ლივერპულთან მატჩის წინ მძიმე დანაკლისი აქვს
„არსენალს“ პრემიერლიგის ცენტრალური მატჩის წინ დიდი პრობლემები შეექმნა. მიკელ არტეტას გუნდი „ენფილდზე“, „ლივერპულთან“ სათამაშოდ ემზადება, თუმცა ლონდონელებს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვთ: ტრავმების გამო „მეთოფეებს“ ერთბაშად რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი გამოაკლდა.
სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც „არსენალი“ ინგლისის ლიგის თასს სრულიად მოულოდნელად გამოეთიშა. სამშაბათს გამართულ შეხვედრაში მიკელ არტეტას შეგირდები ლიგა 2-ის წარმომადგენელ „ფლიტვუდ თაუნთან“ პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელმა მატჩი ფიზიკური პრობლემების გამო გამოტოვა: დეკლან რაისმა დისკომფორტი „ევერტონთან“ შეხვედრაში იგრძნო, რიკარდო კალაფიორი და ნონი მადუეკე კი ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებიან.
არტეტამ მომხდარს კლუბისთვის „ძალიან სამწუხარო დღე“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ გუნდმა სათამაშო უპირატესობა გოლებად ვერ აქცია:
„მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ასეთი შედეგის ალბათობა მცირე იყო, მაგრამ ფეხბურთი სწორედ ასეთია. თუნდაც მცირე შანსის არსებობის შემთხვევაში, ყოველთვის შესაძლებელია ტურნირს გამოეთიშო“ - მიკელ არტეტა
ამჯერად „არსენალს“ „ლივერპულთან“ უმძიმესი დაპირისპირება ელის. ოპტიმიზმის მცირე საფუძველი არსებობს: დეკლან რაისი, რომელსაც ბოლო დღეებში მცირე ტრავმა აწუხებდა, ორშაბათს უკვე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა. თუმცა სიტუაციას ართულებს ისიც, რომ უახლოეს შეხვედრაში გუნდს მაქს დოუმენიც დააკლდება, რომელმაც „ფლიტვუდთან“ სრულიად არასაჭირო წითელი ბარათი მიიღო.
კლუბს ისედაც ხანგრძლივი დროით გამოაკლდნენ უილიამ სალიბა, ბუკაიო საკა და ქრისტოს ცოლისი. მძიმე საკადრო ფონზე, „ენფილდზე“ წარმატების მიღწევა არტეტას გუნდისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება.