Belive

არსენალი კალაფიორის შეძენით წარსულში დაშვებულ შეცდომას გამოასწორებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "არსენალმა" მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას "ბოლონიასთან" - თითქმის გადაწყვეტილია, რომ რიკარდო კალაფიორი, მომავალი სეზონიდან, 'მეთოფეების' ღირსებას დაიცავს. 22 წლის ცენტრალურ მცველს შესანიშნავი საკლუბო სეზონი ჰქონდა, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზეც, სადაც საკუთარი ქვეყნის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. ნამდვილი იტალიური სკოლის წარმომადგენელი კალაფიორი, შესაძლოა ლონდონში დიდი ხნით დარჩეს და თავისი ლეგენდა შექმნას. რიკარდოს ხშირად მოიხსენიებენ კიელინისა და ბონუჩის ტრადიციის გამგრძელებლად.

ჯორჯო კიელინი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება, მას "იუვენტუსთან" ერთად სერია A-ს 9 ტიტული და ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული. რობინ ვან პერსი იხსენებს, რომ მას ძალიან უნდოდა ჯორჯოს არსენალში გადმოსვლა.

ჩემს არსენალურ კარიერაში იყო მომენტი, როცა მომთხოვეს, რომ მეთქვა ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეეძლო არსენალს უკეთესად, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო.

ვგრძნობდი, რომ მოგების მენტალიტეტი გვაკლდა და არსენ ვენგერს ვთხოვე ჯორჯო კიელინის შეძენა. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ის ნამდვილი გამარჯვებულია. ის მუდამ იღიმოდა და რაც არ უნდა ჩაედინა, მსაჯისგან ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა. ჩვენ გვჭირდებოდა ამ ტიპის გამარჯვებულები. - იხსენებს რობინ ვან პერსი

საბოლოოდ, კიელინი იუვენტუსში დარჩა და იქ 18 წელი გაატარა. ახლა არსენალი მიიღებს ახალგაზრდა იტალიელ ცენტრალურ მცველს, რომლის გარშემოც ატეხილი საუბრები უნდა ნიშნავდეს, რომ კალაფიორი მართლაც დიდი ტალანტია. მან გასულ სეზონში, ბოლონიას შემადგენლობაში, 33 მატჩში ორი გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. საჭიროების შემთხვევაში, რიკარდოს დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.

სხვა სტატიები