Belive

,,არის სერია A ევროპის ყველაზე საინტერესო ლიგა?'' - Goal.com-ის ანალიზი

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური ფეხბურთის სანაკრებო კრახები და ევროპულ არენაზე განცდილი მტკივნეული მარცხები ისეთ სურათს ქმნის, თითქოს, კალჩო საკუთარ პოზიციებს საბოლოოდ კარგავს. თუმცა, ცნობილი საფეხბურთო პორტალი Goal.com საინტერესო სტატიაში მკითხველს სრულიად სხვა რეალობას აცნობს.

გთავაზობთ Goal.com-ის სტატიის თარგმანს იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება იყოს დღევანდელი სერია A უფრო სანახაობრივი და მიმზიდველი, ვიდრე ოდესმე:

,,ზუსტად 3 კვირის წინ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, იტალიურმა ფეხბურთმა ფსკერს მიაღწია. მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრები ზედიზედ მე-3 მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ჩემპიონთა ლიგის ერთ ტურში სერია A-ს ოთხივე წარმომადგენელი დამარცხდა - ასეთი რამ კი ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

შესაძლოა, შემამსუბუქებელი გარემოებებიც არსებობდა. მაგალითად, რომა რეალთან დრამატულ მარცხამდე, ბოლო 10 წუთის გარდა, შესანიშნავად გამოიყურებოდა, ხოლო კომოსთვის ეს ტურნირზე მხოლოდ მეორე მატჩი გახლდათ. თუმცა, აღქმა მაინც კატასტროფული იყო ქვეყნისთვის, რომელსაც 16 წელია ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია.

მიუხედავად ამისა, ჯოვანი მალაგომ მოგვიწოდა, თავი შეგვეკავებინა ხისტი, ნაჩქარევი და განზოგადებული დასკვნებისგან. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპეციალურმა ადმინისტრატორმა აღნიშნა, რომ ეს წაგებები რეალურ სურათს არ ასახავდა. და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი სიმართლე უკვე დამტკიცდა. მართალია, მომდევნო კვირას რომას, კომოს, ინტერისა და ნაპოლის გამარჯვებები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იტალიური ფეხბურთი იდეალურ ფორმაშია, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ საუბრები აშკარად გადაჭარბებული აღმოჩნდა და ამას სამი მთავარი მიზეზი აქვს. - წერს Goal.com
World Cup: major absentees, forgotten 'giants' and big returners | Euronews
1. ძველი სტადიონების ეპოქა დასასრულს უახლოვდება

იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემა ის არის, რომ თამაშის არცერთი ძირითადი მხარე არ არის მზად, რეალურად ითანამშრომლოს საერთო სიკეთისთვის. თითქმის ყველა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს, რაც პროგრესს შეუძლებელს ხდის. როგორც ალესანდრო დელ პიერომ აღნიშნა: „ძირითადად, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობთ.''

მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება: სერია A-ს სტადიონების აბსოლუტური უმრავლესობა ელიტარული დონის სპორტული ღონისძიებებისთვის შეუფერებელია. მაგალითად, ნაპოლიმ ბოლო სამ წელიწადში ორი ტიტული მოიგო, მიუხედავად ამისა, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, თავის საშინაო არენას არაერთხელ უწოდა „ტუალეტი“. რატომ? იმიტომ, რომ დიეგო არმანდო მარადონას სტადიონი, მრავალ სხვა არენასთან ერთად, არსებითად არ განახლებულა და არც რეკონსტრუქცია ჩატარებია მას შემდეგ, რაც 1990 წელს იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.

თუმცა, ეს მდგომარეობა შეიცვლება... ყოველ შემთხვევაში, თეორიულად.

როდესაც FIGC-მ გასულ თვეში დაადასტურა ევრო 2032-ის პოტენციური მასპინძელი ქალაქები/არენები, მაშინვე შეამჩნიეს, რომ დასახელებული 14 კანდიდატიდან არსებული სახით რეალურად მხოლოდ ერთს (იუვენტუსის Allianz Stadium-ს) შეეძლო მატჩების მასპინძლობა. დანარჩენი 13 არენა სრულად მოსაწყობი ან ასაშენებელი იყო, რამაც, ბუნებრივია, უამრავი კითხვა გააჩინა.

გასულ წელს უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, განაცხადა: „იტალიელმა პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს ჰკითხონ, რატომ არის მათი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი.'' ჩეფერინის კრიტიკას, რომელსაც თან ახლდა იტალიისთვის ევრო 2032-ის ჩამორთმევის მუქარა, როგორც ჩანს, სასურველი შედეგი მოჰყვა.

ფიორენტინას არტემიო ფრანკის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ბოლონიაში ახალი სტადიონის მშენებლობა დამტკიცდა, ხოლო მილანმა და ინტერმა საბოლოოდ წარადგინეს ახალი სტადიონის გეგმა, რომელიც 2031 წლისთვის უნდა დასრულდეს.

„ამჟამად ყველაზე რთულ ფაზას გავდივართ. ჩვენს ქვეყანაში ევროპაში ყველაზე ძველი სტადიონებია, სადაც ერთი არენის საშუალო ასაკი 70 წელს აჭარბებს, ჩვენი კლუბები კი კვლავინდებურად ძლიერად არიან დამოკიდებულნი სატელევიზიო შემოსავლებზე. მიუხედავად ამისა, კომერციული შემოსავლები იზრდება და თანამედროვე, უახლესი სტადიონების აშენება ამ მხრივ დიდ ბიძგს მოგვცემს,'' - განაცხადა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუიჯი დე სიერვომ. - Goal.com
2. ჭკვიანური სელექცია და გოლების წვიმა

სერია A უბრალოდ არ არის იმ პოზიციაზე, რომ სატრანსფერო ბაზარზე პრემიერლიგას კონკურენცია გაუწიოს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი იტალიური კლუბი აჩვენებს, რომ საქმე იმაში კი არ არის, რამდენი ფული გაქვს, არამედ იმაში, თუ რამდენად გონივრულად ხარჯავ მას. ინტერმა სამ სეზონში ორჯერ მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რაც, ძირითადად, ბეპე მაროტას მიერ იაფად ნაყიდი ფეხბურთელების დამსახურებაა, მაგრამ კომო, შესაძლოა, გუნდის დაკომპლექტების კიდევ უფრო უკეთესი მაგალითი იყოს.

კომომ, ზუსტად ისე, როგორც მანამდე ატალანტამ, სერია A-ს დანარჩენ კლუბებს დაანახა, რომ ევროპულ ასპარეზზე თავის გამოჩენა ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვით და შემტევი ფეხბურთის თამაშით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ფროზინონეც იგივე გზას ადგას, მაინც უდიდესი სიურპრიზი აღმოჩნდა - ახლადდაწინაურებულ გუნდს უწინასწარმეტყველებდნენ, რომ პირდაპირ უკან, ქვედა ლიგაში დაბრუნდებოდა, მაგრამ ახლა ისინი სერია A-ში მე-6 ადგილს იკავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ Gazzetta dello Sport-მა და სხვებმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ სერია A-ს 20 გუნდიდან ბევრი სათამაშოდ შემტევი ფორმაციით გავიდოდა, არავინ ელოდა, რომ ლიგა, რომელიც დაცვით ფეხბურთთან ასოცირდება, გოლების გატანაზე „გაგიჟდებოდა“. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დაწყებიდან სულ რაღაც სამი თვის თავზე, ევროპის Top 5 ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდებიდან ოთხი იტალიურია.

ფროზინონესა და მოულოდნელ ლიდერ ლაციოს 24-24 გოლი აქვთ გატანილი, ინტერის ანგარიშზე 26 გოლია, ხოლო მიმდინარე სეზონში რომაზე მეტი გოლი (28) მხოლოდ ბარსელონამ გაიტანა.

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, დანიელე ადანის თქმით, სწორედ საფეხბურთო ფილოსოფიის ამ ცვლილებამ განაპირობა ის, რომ მასიმილიანო ალეგრის ახლა ნაპოლიში ასე უჭირს: „მისი ფეხბურთის თამაშის სტილი ახლა წარსულს ჩაბარდა,“ - განაცხადა ყოფილმა მცველმა. და მიუხედავად იმისა, რომ ამაზე კამათი შეიძლება (იმის გათვალისწინებით, რომ კარგი დაცვა იტალიაში მოდიდან, ალბათ, არასდროს გადავა), ცხადია, რომ სერია A საკმაოდ დიდ სანახაობად იქცევა.

ჩვენ ვხედავთ საშუალოდ სამ გოლს მატჩში, თანაც ცხრა შეხვედრაში უკვე სულ მცირე ექვსი გოლი გავიდა. სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ ოთხეულს შორის სხვაობა სულ რაღაც ხუთი ქულაა, და მიუხედავად იმისა, რომ რთულია ზუსტად თქვა, შენარჩუნდება თუ არა ეს შედეგი მთელი სეზონის განმავლობაში, პოტენციალი უდავოდ არსებობს, რათა შეიცვალოს ზოგადი ნეგატიური აღქმა იტალიური ფეხბურთის შესახებ, როგორც ნელისა და მოსაბეზრებლის. - Goal.com
Donyell Malen Equals Historic Roma Record | beIN SPORTS
3. ახალგაზრდების აღზევება

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კევინ დე ბრუინისა და ლუკა მოდრიჩის მსგავსი ვეტერანების მოსვლამ იტალიას კვლავ ვეტერანთა თავშესაფრის იარლიყი შეუნარჩუნა, სიტუაცია იცვლება. ნიკო პასის, ქენან ილდიზის, ფრანკო მასტანტუონოსა და სხვა ახალგაზრდების თამაში აჩვენებს, რომ ლიგა ტალანტების ზრდის სივრცედ იქცა. იტალიელი ახალგაზრდებიც (ალფაჯო სისე, სიმონე ლონტანი და ა.შ.) რობერტო მანჩინის რადარზე არიან, რომელიც ეროვნული ნაკრების გაახალგაზრდავებას ცდილობს.

ალესანდრო დელ პიეროს თქმით, მთავარი პრობლემა იტალიურ სამწვრთნელო სკოლაში იყო, რომელიც ბავშვებს ზედმეტად ზღუდავდა და კრეატივს უკლავდა, თუმცა ახლა ტენდენცია იცვლება - მწვრთნელები რისკზე მიდიან.

იტალია აღარ გამოიყურება მხოლოდ ცხოვრებისთვის მიმზიდველ ადგილად. ის იწყებს იმის ჩვენებასაც, რომ აქ ფეხბურთის თამაშიც შესანიშნავია. რეალურად, ახლა სერია A პრემიერლიგაზე უფრო საინტერესოა და, კიდევ უფრო წარმოუდგენლად, მას მეტი სამართლიანობაც აქვს.

იტალიურ ფეხბურთს თითქოს საბოლოოდ გაუცნობიერებია, რომ დროა, საკუთარი რიგები გაასუფთავოს. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი. შიდა დაპირისპირებები და არაკომპეტენტურობა მთავარ პრობლემებად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის იმიჯის გაუმჯობესებას, შესაძლოა, არაერთი წელი დასჭირდეს. მიუხედავად ამისა, ახლა მაინც არსებობს შანსი, რომ იმ დროისთვის, როდესაც ახალი სტადიონები აშენდება, სერია A-ს ჰყავდეს გუნდები, ფეხბურთელები და მწვრთნელები, რომლებიც მათ გავსებას შეძლებენ. - Goal.com

სერია A-ს 10 ტურის შემდეგ,სატურნირო ცხრილს 28 ქულით ლაციო ლიდერობს, რომელიც მეოერადგილოსან ინტერს 3 ქულით უსწრებს. სამეულს 24 ქულით რომა აკომპლექტებს.

ამ მომენტისთვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 100 შეხვედრაში 318 გოლია გასული.

სხვა სტატიები