Belive

არიედო ბრაიდა: "კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან ძვირია, თუმცა..."

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა ფეხბურთელმა და იტალიურ ფეხბურთში ერთ-ერთმა ლეგენდარულმა სპორტულმა დირექტორმა - არიედო ბრაიდამ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან ძვირი ჯდება.

"როდესაც საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელზე, რაღაც-რაღაცეები ჩემთვის გაუგებარია.

თუ კლუბს სურს, რომ კვარაცხელია შეინარჩუნოს, რათ უნდა ამდენი ხანი ფიქრი და ყოყმანი, როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს მას უნდა მოერგო და ის არ უნდა მოგერგოს, მე ასე მწამს და ასე ვმუშაობდი წლების განმავლობაში ჯერ მილანში, შემდეგ კი ბარსელონაში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია უკვე რამდენიმე წელია რაც ნაპოლის საკვანძო ფეხბურთელია და კარგად გამოჩნდა, მის არ ყოფნაში, თუ როგორ უჭირს კლუბს. მე არ ვიცი რა თანხებზე და კონტრაქტებზეა საუბარი, თუმცა მომივიდა ხმა, რომ მისი ახალი კონტრაქტი ძალიან ძვირი უჯდება კლუბს, თუმცა მე კვლავ იმ აზრზე ვარ, რომ კლუბი მას უნდა მოერგოს და თუ უნდათ, რომ იგი შეინარჩუნონ, ყველანაირ კონტრაქტზე მწვანე შუქი უნდა აუნთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვარაცხელიას გრანდში გადასვლა არ გაუჭირდება, პირიქით, ის ყველასთვის სანატრელი ფეხბურთელია..." - არიედო ბრაიდა

არიედო ბრაიდა ფეხბურთელი იყო, თუმცა ფეხბურთელზე უკეთესი სპორტული დირექტორი გამოდგა. მან სპორტული დირექტორის კარიერა "მონცადან" დაიწყო, შემდეგ "უდინეზეში" გადავიდა, თუმცა ყველაფერი "მილანიდან" დაიწყო, სადაც 11 წლის განმავლობაში (2002-2013 წლები) იმუშავა და კლუბთან ერთად 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. იგი დღემდე "მილანის" ყველა დროის საუკეთესო სპორტულ დირექტორადაა აღიარებული.

"მილანის" შემდეგ იგი "სამპდორიას", ხოლო შემდეგ კი "ბარსელონას" სპორტული დირექტორი იყო (2015 წელს), 2015-2019 წლებში კი კვლავ "ბარსელონაში" მუშაობდა, თუმცა არა სპორტული დირექტორის, არამედ სკაუტის რანგში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" 2022/23 წლების სეზონში შეუერთდა, კლუბს სკუდეტოს ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და პირველივე სეზონში სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები