Belive

არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიას მოუგო და ოლიმპიადის გარეშე დატოვა

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სამხრეთ ამერიკაში, 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის შესარჩევი ეტაპის ფინალური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრაში, კონტინენტის ორი ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები შეხვდა ერთმანეთს. ვენესუელაში გამართულ მატჩში ბრაზილიისა და არგენტინის 23-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა შედგა, რომელშიც "ალბისელესტემ" - 1:0 იმარჯვა.

"სელესაოს" კარში ერთადერთი გოლის გატანა მეორე ტაიმში "არხენტინოს ხუნიორსის" 22 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ლუსიანო გონდოუმ მოახერხა.

ტურნირის მოქმედ გამარჯვებულთან აღნიშნული მატჩის მოგების შემდეგ, არგენტინის ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა, ბრაზილია კი 3 ქულით მესამე საფეხურზე აღმოჩნდა და საფრანგეთში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვება ვერ შეძლო. 7 ქულით ჯგუფის გამარჯვებული პარაგვაის ნაკრები გახდა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები 3-3 ჩემპიონობით უნგრეთისა და დიდი ბრიტანეთის გუნდები არიან. ასევე, უნგრეთს 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალიც აქვს მოპოვებული. რაც შეეხებათ არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებს. მათ ტურნირი 2-2 ჯერ აქვთ მოგებული. ბრაზილიის ნაკრები გასული ორი გათამაშების ჩემპიონი გახდა, ახლა კი ტურნირის მიღმა დარჩა, მათ სამჯერ ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს მედალიც აქვთ მოგებული. არგენტინის ნაკრებმა ოლიმპიური ოქროს მოპოვება 2004 და 2008 წლებში მოახერხა, ორივე ჯერზე გუნდში ხავიერ მაშერანო თამაშობდა, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ 20 გატანილი გოლით, ამჟამად კი ტურნირზე წარმატების მიღწევას მთავარი მწვრთნელის რანგში შეეცდება. არგენტინის ნაკრების მედლების ყულაბაში 2 ბრინჯაოს მედალიც მოიპოვება.