არგენტინა კოპა ამერიკის ფინალში ითამაშებს
არგენტინის ნაკრებს მხოლოდ ერთი თამაშის მოგება აშორებს ესპანეთის საოცარ შედეგამდე, რაც მთავარი ტურნირების ზედიზედ სამჯერ მოგებას გულისხმობს. ესპანეთის ნაკრებმა ეს 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით გააკეთა (ევროპა, მსოფლიო, ევროპა). კოპა ამერიკისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული სწორედ არგენტინაა, ამიტომ ალბისელესტეს ამ მიღწევის გამეორების შესანიშნავი შანსი აქვს.
"სიგიჟეა რაც ამ გუნდმა გააკეთა და ისიც, რასაც ახლა აკეთებს არგენტინის ნაკრები" - განაცხადა ფინალში გასვლის შემდეგ ლეო მესიმ. არგენტინელთა კაპიტანმა ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ეს უკვე 109-ე იყო ეროვნულ ნაკრებში. კოპა ამერიკაზე მას უკვე 14 გოლი დაუგროვდა და 3 აკლია იმისთვის, რომ რეკორდი მოხსნას. მესიმ უკვე 38 ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა გოლი.
არგენტინამ დამაჯერებლად - 2:0 მოიგო. პირველი გოლი ხულიან ალვარესმა შეხვედრის 21-ე წუთზე გაიტანა, მან დე პაულის ბრწყინვალე გრძელი გადაცემა გამოიყენა. წერტილი მესიმ დასვა და ახლა არგენტინა კოლუმბიასა და ურუგვაის შორის გამარჯვებულს ფინალში დაელოდება.