Belive

ანტონიო კონტე: "VAR-ს მაშინ იყენებენ, როცა აწყობთ?!"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის დაპირისპირება შედგა. "ინტერმა" ჯუზეპე მეაცაზე "ნაპოლის" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში ნეაპოლელებმა სკოტ მაკტომინეის გოლით გახსნეს, ინტერმა კი პირველსავე ტაიმში, ჰაკან ჩალჰანოღლუს ულამაზესი გასროლით უპასუხა.

ინტერს მეორე ტაიმში მოგება პენალტით შეეძლო, თუმცა ჰაკანმა დუბლის შესრულება ვერ მოახერხა და ბურთი ძელს გაარტყა. სწორედ ეს დანიშნული პენალტი იყო ანტონიო კონტეს მთავარი სასაუბრო თემა - მატჩის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა მსაჯები მკაცრად გააკრიტიკა.

მაპატიეთ რომ გავბრაზდი, თუმცა რას ნიშნავს VAR საქმეში ვერ ჩაერეოდა? თუ აშკარა შეცდომაა? ისინი VAR-ს მაშინ იყენებენ, როცა ეს აწყობთ - თუ რამე არ მოსწონთ, მაშინ ჩარევის უფლება არ აქვთ.

როცა მოედანზე მსაჯი შეცდომას უშვებს, VAR უნდა ჩაერიოს და წერტილი, ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ და სხვა მწვრთნელებიც იზიარებენ. ეს იყო ეპიზოდი, რომელსაც შეეძლო უდიდესი გავლენა მოეხდინა მატჩის შედეგზე, ამიტომ ვბრაზდები. - განაცხადა DAZN-თან ინტერვიუში კონტემ

ნაპოლის საჯარიმოში, ანგისასა და დუმფრის შორის კონტაქტი შედგა, ნაპოლის ნახევარმცველი ეხება ნიდერლანდელის ფეხს, ეს მსუბუქი შეხება იყო, კონტეს აუხსნეს, რომ VAR-ს მსაჯის დანიშნული პენალტის გადამოწმება აღარ შეეძლო, რადგან სულ მცირე მინიმალურ კონტაქტზეც, მინდვრის მსაჯი თავად აფასებს სიტუაციის სიმძიმეს.

ნაპოლიმ პირველი ადგილი შეინარჩუნა, კვარაცხელიას გუნდმა 26 ქულა დააგროვა, ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა, ერთბაშად 4 გუნდს 25 ქულა აქვს, "იუვენტუსი" კი იქვეა 24 ქულით.

სხვა სტატიები